ბაგრატიონი დიმიტრი პეტრეს ძე (1863 – დაახლ. 1911), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, პ. ი. ბაგრატიონის შვილიშვილის შვილი.
დაამთავრა პოლოცკის სამხ. გინმაზია და ნიკოლოზის საკავალერიო სკოლა. 1882 დაინიშნა ვლადიმირის 38-ე დრაგუნთა პოლკში. 1897 ჩარიცხეს საკავალერიო სკოლის ოფიცერთა მუდმივ შემადგენლობაში. 1909-იდან იყო ამავე სკოლის უფროსის თანაშემწე.
სამხ. სამსახურთან (კავალერისტ-ინსტრუქტორი) ერთად ეწეოდა მეცნ. მუშაობასაც. თარგმნა და რამდენჯერმე გამოსცა დ. ფილისის „ცხენის ხედნისა და ცხენოსნობის საფუძვლები“, რ-იც რუს. კავალერისტ ოფიცერთა სამაგიდო წიგნი გახდა, 1901 გამოსცა არქივის მასალების საფუძველზე დაწერილი „ვლადიმირის პოლკის ისტორია“. 1906 დააარსა ჟურნ. „ვესტნიკ რუსსკოი კონნიცი“.
რ. მაგრაქველიძე