ბაგრატ IV (გ. 1681), იმერეთის მეფე 1660–61, 1663–68, 1669–78, 1679–81, ალექსანდრე III-ის ძე. ახალგაზრდობაში დააბრმავა დედინაცვალმა დედოფალმა დარეჯანმა. პირველად ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის ვაჟის დავითის ასული ქეთევანი, მეორედ – ვამეყ დადიანის ცოლყოფილი თამარი. ჰყავდა ორი ვაჟი – ალექსანდრე და გიორგი (თამარისაგან). ბ. IV-ის დროს გაძლიერდა იმერელ ფეოდალთა და გურია-სამეგრელოს მთავართა თვითნებობა. ბ. IV-ს სამჯერ ჩამოართვეს მეფობა. მისმა მერყევმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო იმერეთში არეულობას, დაიწყო შინაომი და „ტყვის სყიდვა“. მეფეს ფაქტობრივად მხოლოდ სამეფო დომენი ემორჩილებოდა. სახლთუხუცესმა სეხნია ჩხეიძემ ორჯერ (1666, 1668) გადასცა ქუთაისის ციხე თურქებს, მაგრამ ბ. IV-მ ორჯერვე დაიბრუნა. 1674 იძულებული გახდა თვითონ გადაეცა ის ოსმალეთისათვის.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500–1810 წწ.), ტფ., 1922.
ქ. ჩხატარაიშვილი