არაგვის კარი

არაგვის კარი, გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის მცხეთის ზღუდე-გალავანში დატანებული ერთ-ერთი ძირითადი კარიბჭე, ჩვენი წინაპრების სამშენებლო ხელოვნების ნიმუში (. . ეწოდა იმიტომ, რომ იგი ქალაქს არაგვის მიმართულებით ჩრდილოეთის მხარესთან აკავშირებს). გამოვლინდა 1965 მცხეთაში ფართოეკრანიანი კინოთეატრის მშენებლობის დროს (შესულია ამავე კინოთეატრის მოცულობაში). ალიზით ნაგები 6 მ სისქის ქალაქის ზღუდეში ჩაშენებული კარიბჭის გვერდის კედლები თლილი ქვითაა ამოყვანილი, კედლებს შორის გზისთვის დატოვებული ღიობი 4,8 მ სიგანისაა. გზა მოკირწყლული იყო და ჰქონდა ბორდიურით გამოყოფილი ფეხით სავალი ვიწრო ბილიკი. კარიბჭე ორივე მხრიდან ალიზითვე ნაგები კოშკებით იყო გამაგრებული. კარი ასაწევი უნდა ყოფილიყო და მძიმედ შეჭედილი. დიდ კარს, ხსნიდნენ ალბათ ქარავნების გასატარებლად, მგზავრებისათვის კი კარიბჭეში მცირე ზომის შესასვლელი იქნებოდა გაჭრილი.

კარიბჭის გაწმენდა-გამოვლინების დროს გათხარეს მის დონეზე და უფრო ღრმად მდებარე ძვ. კულტ. ფენები (სამაროვანი, ნამოსახლარი), რ-ებიც მოიცავენ ძვ. წ. II ს-იდან – ახ. წ. VIII ს-მდე ხანას.

ლიტ.: კალანდაძე ა.,  ბოხოჩაძე ა., არაგვის კარი, «ძეგლის მეგობარი», 1968, №15.