თოდაძე გიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე (21. II. 1945, თბილისი, - 23. I. 2020, იქვე), მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1982). დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო (1968) და სარეჟისორო (1977) ფაკ-ტები. 1968-იდან კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრის მსახიობია. აქ განსახიერებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ქელეში (კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება"), ადიკო (შ. დადიანის „გუშინდელნი"), სტეპანი (ნ. გოგოლის „ქორწინება"), კაპიტანი ლუკაში (ი. ჰაშეკის „გულადი ჯარისკაცი შვეიკი") და სხვ. ამავე თეატრში განხორციელებული მისი დადგმებიდან გამოირჩევა: კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია", ნ. დუმბაძის „მარადისობის კანონი", რ. ერისთავის „ისევ ვოდევილები", ა. დენერის „დონ სეზარ დე ბაზანი", ჟ. ანუის „ევრიდიკე", უ. შექსპირის „ფალსტაფი", ა. კამიუს „კალიგულა" და სხვ. თ-მ სპექტაკლები დადგა გორის სახელმწ. თეატრში, თბილ. თავისუფალ თეატრში და სხვ. 1995 დააარსა ბავშვთა თეატრი. სკოლა-სტუდია „ბერიკები", რ-მაც დიდი წარმატება მოიპოვა საერთაშ. ფესტივალებზე (იაპონია, მონაკო, გერმანია, ეგვიპტე).
2005-იდან თბილ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელია. ეწევა პედ. მოღვაწეობას საქართვ. თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტში.