გუმილიოვი ნიკოლოზ სტეფანეს ძე [3 (15). IV. 1886, კრონშტადტი, – 24. VIII. 1921, პეტროგრადი], რუსი პოეტი. გუმილიოვების ოჯახი 1900 თბილისში გადმოსახლდა. გ. სწავლობდა თბილ. მე-2 ვაჟთა, ხოლო 1901-იდან – პირველ ვაჟთა გიმნაზიაში. 1911 ჩამოაყალიბა ლიტ. წრე – „ცეხ პოეტოვ". 1913 აღიარა აკმეიზმი (მოდერნისტული მიმართულება XX ს. დასაწყისის რუსულ პოეზიაში), გახდა მისი ორგანიზატორი და თეორეტიკოსი. 1914-იდან იყო ფრონტზე. 1917 რევ. პერიოდში რუს. საექსპედიციო კორპუსს ახლდა საფრანგეთში. 1918 დაბრუნდა პეტროგრადში. რევოლუცია მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რისთვისაც ბრალად დასდეს კონტრრევ. შეთქმულებაში მონაწილეობა და დახვრიტეს. საქართვ. ბუნება გახდა მისი შთაგონების წყარო, წერდა ლექსებს საქართველოზე, მის ბუნებაზე. გ-ის პირველი ლექსი გამოქვეყნდა თბილისში 1901 გაზ. „ტიფლისსკი ლისტოკში". გ. ავტორია ლექსთა კრებულებისა: „კონკისტადორთა გზა" (1905), „რომანტიკული ყვავილები" (1908), „მარგალიტი" (1910), „კოცონი" (1918), „კარავი და ცეცხლოვანი გოდოლი" (1921); მოთხრობათა კრებულისა „პალმის ჩრდილი" (1922); კრიტ. სტატიების კრებულისა „წერილები რუსული პოეზიის შესახებ" (1923). 207 თარგმნა ბაბილონური ეპოსი „გილგამეში", ვოლტერის, თ. გოტიეს, ო. უაილდის, ჰ. ჰაინესა და სხვ. ნაწარმოებები.
თხზ.: Стихотворения. Посмертный сборник, 2 изд., П., 1923; Стихи. Поэмы, Тб., 1988.
ლიტ.: რუსული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1963; Б л о к А., „Без божества, без вдохновенья“, Собр. соч., т. 6, М.–Л., 1962.
ო. ბაქანიძე