ბორბალო

ბორბალო, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), კოჯორ-საყარაულოს ქედის სამხრ. მთისძირას. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ერტისი, ვაშლოვანი, ღოუბანი). ზ. დ. 710 მ, თეთრი წყაროდან 32 კმ. 248 მცხ. (2014),

ბ. მდებარეობს ისტ. ქვემო ქართლში. სოფელში შემორჩენილია ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – ბარათაშვილების XVII ს. კოშკი, რ-იც სასახლესთან (დანგრეულია) ერთად შეადგენდა ანსამბლს. იგი მდებარეობს მთის ფერდობზე, კოჯრის ციხის ძირში და თვალუწვდენელ სივრცეს გადაჰყურებს. გეგმით კვადრატული, ნატეხი ქვით ნაგები 8-სართულიანი კოშკის ყველა სართულშუა გადახურვა ხისა იყო, მხოლოდ ზედა სართულს ჰქონდა გუმბათი. ეს სართული გუმბათიანად აგურით იყო ამოყვანილი (შიგნიდან), აგურისავეა გარედან მისი კარის წირთხლი და ჩარჩო. დაბალი და ვიწრო შესასვლელი I სართულზეა. კოშკს 2 დაკიდებული აივანი ჰქონდა – IV და სულ ზემო სართულებზე. კედლებში დატანებულია სათოფურები. I სართულზე ბუხარიც არის. კოშკი სამხ. დანიშნულებისა იყო.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983.

ვ. ბერიძე