ბრილი

ბრილი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), ლიხის ქედის აღმ. მთისწინეთში, მდ. ბურნეულის (ჭერათხევის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 750 მ, ხაშურიდან 24 კმ, გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 14 კმ. 313 მცხ. (2014).

სოფლის მახლობლად მაღლობზე ძვ. ბ-ის ნასოფლარია. ბ. მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.). 1715 აქ 40 კომლი ცხოვრობდა. 1865 ბ. თავისი 11 მოსახლით სურამის უბნის ნაბახტევის სასოფლო თემში შედიოდა. შემორჩენილია 3 ეკლესიის – წმ. ნინოს, ღვთაებისა და ღვთისმშობლის – ნანგრევები. ადრე სოფელი ამირეჯიბს ეკუთვნოდა, შემდეგ XVII ს. 70-იან წლებში მას საქაშეთელი დიასამიძე დაეპატრონა. მასვე აუშენებია სოფლის თავში წმ. ნინოს ქვითკირის ეკლესია, რ-იც, კარის თავზე ჩასმულ ქვაფიქალზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის თანახმად, აგებულია ერეკლე I-ის მეფობაში (1688–1703). წმ. ნინოს ეკლესიის ზემოთ, სასაფლაოზე, XI ს. ღვთაების ერთნავიანი ეკლესია დგას. საკურთხეველში მოხატულობის ფრაგმენტებია. შემდეგ ეკლესია შეუკეთებიათ და შეულესავთ. სამხრ-ით, კარიბჭეში ჩატანებულია ბარელიეფის ფრაგმენტი, რ-ზედაც მაღალი ხელოვნებით შესრულებული რამდენიმე ფიგურიანი კომპოზიციაა გამოკვეთილი. ასევე მაღალოსტატურადაა შესრულებული ბარელიეფის ორ მხარეზე შემორჩენილი მცენარეული ორნამენტით შემკული დიდებული ჩარჩო. შესრულების ტექნიკით XI ს. I ნახევრით თარიღდება. სავარაუდოა, რომ იგი ძვ. ეკლესიის ქვის კანელის ფრაგმენტია. ამავე ეკლესიის ეზოში მოწყობილია სამალავი, რ-იც 100-მდე კაცს იტევდა და გვირაბით (ჩამოქცეულია) წმ. ნინოს ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. მესამე, IX–X სს. ეკლესია – ღვთისმშობელი – ღვთაებიდან ჩრდ-ით 2 კმ-ზე მაღალ ბორცვზე დგას ტყეში. შემოსილია თლილი ქვით. კარ-სარკმელს ჩუქურთმა ამკობდა (აქვე აწყვია). ეკლესიის შესასვლელთან აღმოჩნდა ქვიშაქვის ფრაგმენტები ასომთავრული წარწერით, რ-იც პალეოგრაფიულად IX–X სს-ით თარიღდება (ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). გარშემო ნასოფლარია და ძვ. ბაღების ნაშთი. ბ-ში ნაპოვნია X ს. ქართული ოქრომჭედლობის მნიშვნელოვანი ნიმუში – საწინამძღვრო ჯვარი, რ-იც დაცულია საქართვ. ხელოვნ. მუზეუმში (იხ. სტ. ასათ მოქმედი).

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; მ ა კ ა ლ ა თ ი ა  ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.

ვ. ბერიძე

ჯ. გვასალია