ბრილი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მდ. რიონის ხეობაში, სოფ. ღების ჩრდ-ით 11 კმ-ზე (ონის მუნიციპ.). ზ. დ. 1600 მ სიმაღლეზე. შემორჩენილია შუა საუკ. ნასოფლარი, ციხე-კოშკი და ეკლესია. სოფ. ბ. თავისი 24 კომლი მოსახლით მოხსენიებულია XV ს. სიგელში. 1939–61 არქეოლ. გათხრებმა (ხელმძღვ. გ. გობეჯიშვილი) გამოავლინა ძვ. წ. XVIII–ახ. წ. IV სს. ნამოსახლარები და სამაროვნები, აგრეთვე მეტალ. წარმოების ნაშთები. ბ-ის მოსახლეები ცხოვრობდნენ ქვის შენობებში. მისდევდნენ მესაქონელობას, სპილენძის მოპოვებასა და დამუშავებას. ორმოსამარხებში და ქვაყუთებში მარხავდნენ კიდურებმოკეცილ თითო ან ორ-ორ მიცვალებულს. ძვ. წ. XIV–XIII სს-ში არსებობდა აგრეთვე კოლექტ. აკლდამები, ხოლო ძვ. წ. XIV–V სს-ში – საკრემაციო მოედნები.
ძვ. წ. XVIII–XIV სს. სამარხებში აღმოჩნდა იარაღი (დარიშხანიანი ან ანტიმონიანი ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებრი სატევრები), ცხოველთა ქანდაკებები, სამკაული (სხვადასხვანაირი საკინძები, ოვალური სასაფეთქლეები, დუგმისებრი კავები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვ.). აღსანიშნავია ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავების სტილიზებული გამოსახულებებით შემკული საპარადო ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვ., რ-ებიც ცვილის მოდელის დაკარგვის წესითაა ჩამოსხმული. ბ-ის მოსახლეობის მჭიდრო ეკონ. და კულტ. კავშირი ჰქონდა დიგორთან (ჩრდ. ოსეთი), ზემო იმერეთთან, შიდა ქართლის ჩრდ. ზოლთან და თრიალეთთან.
ძვ. წ. XIII–VIII სს. სამარხებში აღმოჩნდა შრომისა და საბრძოლო იარაღი (კალიანი ბრინჯაოსაგან დამზადებული კოლხ. ცულები, ფართოქედიანი, წელში გამოყვანილი სატევრები, ნამგალი, თოხი), სწორკუთხა აბზინდები, მშვილდისებრი ფიგურები, გრეხილი სამაჯურები, მძიმე საკისრე რგოლები, ლითონისა და თიხის ჭურჭელი. ბევრია ვერძის ქანდაკება, აღმოჩნდა ძაღლის რეალისტური ქანდაკება.
ძვ. წ. VIII–VII სს-ში იარაღს (ცულები, მახვილები, დანები, ლაგმები) უმთავრესად რკინისაგან ამზადებდნენ, ხოლო სამკაულს, ჭურჭელს, ცხენის აკაზმულობის ნაწილებს და მხატვრულ ნაწარმს (მხედრის, ხარ-ჯიხვისა და ცერბერის ქანდაკებები, ვერძის თავებით შემკული ჩუგლუგი, მტაცებელი ცხოველების პროტომებით დამშვენებული წყვილი საყბეური და სხვ.) – ბრინჯაოსაგან.
ანტ. ხანის სამარხებში (ძვ. წ. VI – ახ. წ. IV სს.) აღმოჩნდა ოქროს და ვერცხლის დიადემები, საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, რთული ცხოველსახოვანი კომპოზიციები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვ. იეროგლიფებით შემკული სკარაბეები, ბერძნ. მახაირას ტიპის რკინის მოკლე მახვილები, სატევრები, აკინაკები, ბრინჯაოს სკვითური ტიპის ისრისპირები. ადრინდ. ანტ. ხანის სამარხებში აღმოჩნდა ფერადი მინის არიბალოსი და ამფორისკი, რ-ებიც სურნელოვანი სითხით იყო სავსე, აგრეთვე ბერძნ. შავლაკიანი სკიფოსის ნატეხები. გვიანდ. ანტ. ხანის სამარხებში აღმოჩენილი მასალა მოწმობს რომაულ სამყაროსთან კავშირს. გაცვლისა და ვაჭრობის მასშტაბების სწრაფ ზრდაზე მიუთითებს ოქროს მონეტების გავრცელება ძვ. წ. I და მომდევნო საუკუნეებში.
ლიტ.: გ ო ბ ე ჯ ი შ ვ ი ლ ი გ., არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში, თბ., 1952; მაკალათია ს., მთის რაჭა, ტფ., 1930; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959.
გ. გობეჯიშვილი