ბიჭვინთის განძი

ბიჭვინთის განძი, ანტ. დროის მონეტების განძი, აღმოჩენილი ბიჭვინთის არქეოლ. ექსპედიციის მიერ 1958.

შეიცავს II–III სს. რომის იმპერატორების სახელით მოჭრილ 149 მონეტას, რ-თაგან 10 კესარიული დრაქმა და დიდრაქმაა, 139 – ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტა. ბ. გ-ის ყველაზე ადრინდ. მონეტა მოჭრილია ადრიანეს (117–138) სახელით, უგვიანესი – ფილიპე II უმცროსის სახელით (247–249). ბ. გ-ის დაფლვა უკავშირდება გუთების თავდასხმას (256) ბიჭვინთაზე. მონეტები წარმოდგენას გვიქმნის იმ ღვთაებათა შესახებ, რ-თაც თაყვანს სცემდა ტრაპეზუნტის მოსახლეობა. მონეტების ავერსზე გამოსახულია რომის იმპერატორის პორტრეტი, რევერსზე კი – რომელიმე ღვთაება (ტიქე, დიონისე, სერაპისი, ჰადესი, ასკლეპიოსი, აპოლონი, აბუნდანცია, რეა-კიბელე, ჰერაკლე), მონეტების უმრავლესობაზე – ადგილ. ღვთაება, რ-მაც გააერთიანა მითრას და კაპადოკიური მთვარის ღვთაების – მენის ფუნქციები. მონეტებზე ჩანს ღვთაება მითრას იკონოგრაფიის ცვლილებები II–III სს. მანძილზე. პირველად გამოსახული იყო მითრას ბიუსტი სხივებიან ფრიგიულ ქუდში, ბოლოს კი – მხედარი მითრა ბომონის წინ მტაცებელი ფრინველის, სიცოცხლის ხისა და გველის გამოსახულებათა თანხლებით. ეს ღვთაება ადგილ. ნიადაგზე უნდა იყოს წარმოქმნილი. ტრაპეზუნტის მფარველ ამ ღვთაებასა და ქართველურ სამყაროში გავრცელებულ მთვარის ღვთაებას შორის გარკვეული მსგავსება ჩანს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული ტრაპეზუნტის 340‒350 მონეტიდან 230‒240 აღმოჩენილია ბიჭვინთასა და სოხუმში. 3. IV ს. სპილენძის მონეტების განძი, აღმოჩენილი ბიჭვინთის არქეოლ. ექსპედიციის მიერ (1962). შეიცავს ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, კონსტანტინოპოლში, ნიკომედიასა და ქიზიკოსში მოჭრილ 310 მონეტას. ყველაზე ადრინდ. მონეტა მოჭრილია რომის იმპ. კონსტანტინე I-ის (306–337) სახელით, უგვიანესი – კონსტანციუს II-ის (337–361) სახელით. ბ. გ. მიუთითებს ბიჭვინთის ფართო სავაჭრო-ეკონ. კავშირებზე IV ს-ში. განძი დაფლული უნდა იყოს IV ს. 60–70-იან წლებში სამხ. საშიშროების გამო.

დაცულია საქართვ. სახელმწ. მუზეუმში.

ლიტ.: დ უ ნ დ უ ა  გ., რას მოგვითხრობენ ძველებური მონეტები, თბ., 1968.

გ. დუნდუა