„ეკონომიკა“

 

 

ეკონომიკა (შპს „ჟურნალი ეკონომიკა "), ყოველთვიური საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო–პრაქტიკული ჟურნალი. პირველი ნომერი „საქართველოს ეკონომისტის" სახელწოდებით გამოვიდა 1918 წ. 13 სექტ., იყო ორკვირეული ჟურნალი; იბეჭდებოდა ქართ. და რუს. ენებზე. შემდეგ იგი გამოდიოდა სხვადასხვა სახელწოდებით: „ეკონომისტი" (1925–26), „საქართველოს ეკონომისტი" (1926–31), „საქართველოს სოციალისტური მეურნეობა" (1931–41). 1941–57 ჟურნალი არ გამოსულა. 1958–იდან მისი გამოცემა განახლდა პ. გუგუშვილის ინიციატივით და 1967-მდე ჟურნალს ერქვა „საქართველოს ეკონომისტი", 1967–73 – „საქართველოს სახალხო მეურნეობა", 1974–90 – „ეკონომისტი", 1991-იდან – „ეკონომიკა“. სხვადასხვა წლებში იყო საქ. სსრ უმაღლესი ეკონ. საბჭოს, საქ. სსრ სახელმწიფო საგეგმო კომისიის, საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკისა და სამართლის ინ-ტისა და სხვათა ორგანო. 1992–93 ჟურნალი დამოუკიდებელი იყო, 1993-იდან კი საქართვ. რესპ. ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ორგანო გახდა. 1998-იდან ჟურნალი ექვემდებარებოდა საქართვ. ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ ეკონ. და სოც. პრობლემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტს. 1999-იდან არის შპს. ჟურნალი აშუქებდა ქვეყნის სოც.- ეკონ. განვითარების მწვავე და აქტუალურ საკითხებს. ამჟამად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისა და სოც.-ეკონ. განვითარების უმნიშვნელოვანეს პრობლემებს. ჟურნალს რედაქტორობდნენ: დ. თოფურიძე (1918–19), ს. ჩიხლაძე (1925–26), ვ. ავაქოვი და ა. კვირიკაძე (1926–31), კ. ორაგველიძე (1931–32), რ. მელაძე (1933–37), კ. თარგამაძე (1937–41), პ. გუგუშვილი (1958–67), ს. ინწკირველი (1967–69), თ. გოქსაძე (1969–76), ი. კრავცოვი (1976–93), 1993-იდან მთ. რედაქტორია რ. შენგელია.

ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი  პ., ქართული ეკონომიკური პუბლიცისტიკის ფლაგმანი, «ეკონომისტი», 1975, N12; შ ე ნ გ ე ლ ი ა  რ., ეკონომიკური აზრის მატიანე, «ეკონომიკა», 1998, N7–9; ჯ ი ბ უ ტ ი  მ., რა ხნისაა ქართული ეკონომიკური ჟურნალი, «მაცნე». ეკონომიკისა და სამართლის სერია, 1987, N1.

მ. ჯიბუტი