ელბაქიძე თინათინ კონსტანტინეს ასული (5. VIII. 1933, თბილისი, - 14. VIII. 2023, იქვე), ჟურნალისტი, მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1985). დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკულტეტი (1956). მუშაობა დაიწყო სოხუმის სახელმწ. დრამ. თეატრში. იყო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. 1956–1961 წლებში შეასრულა 20 როლი: მაია წყნეთელი (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი"), ბეატრიჩე (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური"), ბიანკა (უ. შექსპირის „ოტელო") და სხვ. ე. 1961-იდან 2004-მდე მუშაობდა საქართვ. რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის დიქტორად, ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, ჰქონდა საავტორო გადაცემები: „რაღაც უნდა გადარჩეს" და „ლიტერატურული სალონი". პარალელურად 1980 დააარსა „ერთი მსახიობის პუბლიცისტური თეატრი", რ-ის პირველი სპექტაკლები დაიდგა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. შემდეგ თეატრმა თსუ-ში გადაინაცვლა და 2005-მდე იარსება. ე. იყო ამ თეატრის მსახიობიც, რეჟისორიც, მხატვარიც, კომპოზიტორიც, რეპერტუარის ავტორიც. თეატრის მრავალფეროვანი რეპერტუარიდან აღსანიშნავია: „რუსთაველის ნაკვალევზე" (ი. აბაშიძე), „წინ, დავით აღმაშენებლისაკენ" (აკ. ბაქრაძე), „პატარა სამშობლო" (გ. ქიქოძე), „მხოლოდ სიმართლეა შეუმუსრავი" (აკ. გაწერელია) და სხვ.
ე. ავტორია კრებულებისა: „ხმოვანი ქრონიკა“ (2006), „სხვა და სხვა“ (2007) და „ჩემი კუნძული“ (2017).