დონდუა გურამ დავითის ძე (17. III. 1922, თბილისი, – 12. III. 1986, იქვე), გეოგრაფი.
1950 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1953–75 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტში სწავლულ მდივნად, 1975- იდან გარდაცვალებამდე – ქსე-ის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგედ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. იყო ფართო პროფილის გეოგრაფი. იკვლევდა საქართვ. სხვადასხვა რ-ნის გეომორფოლოგიას, შეისწავლა მდინარეების ჯეჯორისა და ღარულის (რიონის მარცხ. შენაკადები) აუზების ძველმყინვარული რელიეფის ფორმები. მისი ავტორობით გამოიცა დაწყებითი კლასების გეოგრაფიისა და ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელოები (დ. დონდუასთან ერთად) და სასწ. გეოგრ. რუკები. მისი აქტიური მონაწილეობითა და რედაქტორობით გამოიცა „გეოგრაფიის ტერმინოლოგია" (1967).
დ-მ გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული ენციკლოპედიის გამოცემის საქმეში – დაადგინა ენციკლოპედიური ტერმინოლოგია, მოამზადა სხვადასხვა სახის გეოგრ. ლექსიკონები. დ. იყო ბუნების გარდაქმნის კომპლ. კვლევის პრობლემათა საქართვ. სექციის სწავლული მდივანი (1961–74), საქართველოს გეოგრაფიული საზ-ბის სამეცნ. საბჭოსა და საკავშირო ჟურნალ „გეოგრაფია სკოლაში" სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ე. ლოლუა