დონდუა ვარლამ დარისპანის ძე [21. IX(3.X). 1895, ქუთაისი, – 21. II. 1969, თბილისი], ისტორიკოსი, ფილოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1965).
1915 დაამთავრა ქუთ. ქართ. გიმნაზია, ხოლო 1927 – ლენინგრადის სახელმწ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. 1929-იდან ლენინგრადის უნ-ტში კითხულობდა კავკ. ხალხთა ისტორიას, ქართ. ლიტ. ენისა და ქართ. პალეოგრაფიის კურსს. მუშაობდა აგრეთვე სსრკ მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტსა (1934–42) და ენისა და აზროვნების ინ-ტში (1934–36);
1942-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინტში, 1954–69 ხელმძღვანელობდა წყაროთმცოდნეობის განყბას.
1929–42, 1946–50 ლექციებს კითხულობდა ლენინგრადის, ხოლო 1942–54 – თბილ. უნ-ტებსა და სოხუმის პედ. ინ-ტში. დ-ს ნაშრომები ეხება საქართვ. სოც.-ეკონ., პოლიტ. და კულტ. ისტორიის პრობლემებს ანტ. ხანიდან XVIII ს-მდე.
რამდენიმე საყურადღებო ნაშრომი მიუძღვნა რუს.-საქართვ. ურთიერთობის საკითხებს.
დ. იყო საქართველოს ისტორიის სასკოლო და დამხმარე სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს ისტორიის ნარკვევების რვატომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში სპეც. წყაროთმცოდნეობითი დისციპლინების – არქეოგრაფიის, ეპიგრაფიკის, პალეოგრაფიისა და ტექსტოლოგიის – განვითარებაში.
დ. ქართ. საისტ. წყაროების კვლევის დროს ყურადღებას აქცევდა ენობრივ საკითხებსაც. სპეციალურად შეისწავლა ქართ. სახელების -ეთ სუფიქსი. „ლიპარიტეთისა" და ანალოგიური ფორმის გვარ-სახელების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ -ეთ სუფიქსიანი სახელების ხმარება ექვემდებარება გარკვეულ კანონზომიერებას. მანვე დააზუსტა „ძე" სიტყვის ტერმინოლოგიური თავისებურება შოთა რუსთაველის ლექსიკაში (რუს. ენაზე). ცალკე სტატია მიუძღვნა „სტამბოლ" სახელის განმარტებას. გამოაქვეყნა ივ. ჯავახიშვილის ერთი უცნობი წერილი (რ-შიც განმარტებულია „გლეხი", „ყაზახი", „კრესტიანსტვო", „მუჟიკი") და გაამდიდრა თავისი შენიშვნებით.
დ-მ რუსულად თარგმნა ზოგიერთი ქართ. ისტ. წყარო (იაკობ ხუცესის „წამებაჲ შუშანიკისი", თამარის მეორე ისტორიკოსის „ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი", რკონის „დაწერილი", იოანე ბაგრატიონის „კალმასობა" და სხვ.).
დ-ს მდიდარი ბ-კა დაცულია ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში, სადაც შეიქმნა მისი სახელობის კაბინეტი სამკითხველო დარბაზითურთ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: საისტორიო ძიებანი, ტ. 1–3, თბ., 1967–85; შრომების სრული ბიბლიოგრაფია და ლიტ-რა მასზე, იხ. «ქართული წყაროთმცოდნეობა », 1971, ტ. 3.
გ. იმნაიშვილი
რ. კიკნაძე