დონაძე ვლადიმერ (ლადო) გრიგოლის ძე [5(18). III. 1905, ოზურგეთი, – 10. XII. 1986, თბილისი], მუსიკათმცოდნე და პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1958), პროფესორი (1956), საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1958). ქართ. საისტორიო მუს. მეცნიერებისა და პროფესიული მუს. კრიტიკის ფუძემდებელი.
1934 დაამთავრა თბილ. კონსერვ. მუსიკათმცოდნეობის ფაკ-ტი (ხელმძღვ. ა. რაბინოვიჩი), 1937 – ლენინგრადის კონსერვ. ასპირანტურა (ხელმძღვ. რ. გრუბერი).
1937–86 მუშაობდა თბილ. კონსერვატორიაში, სადაც დააარსა (1937) მუსიკის ისტ. კათედრა (1937–76 – კათედრის გამგე), პირველმა დაამუშავა და შემოიღო, როგორც სასწ. საგანი, ქართ. მუსიკის ისტორიის სპეც. კურსი.
დ-ის შრომებიდან აღსანიშნავია ცნობილი მონოგრაფია „ზაქარია ფალიაშვილი" (ზ. ფალიაშვილის სახ. პრემია, 1972) და მონოგრაფიული ნარკვევები ქართვ. კომპოზიტორებზე (მ. ბალანჩივაძე, დ. არაყიშვილი, ვ. დოლიძე, ნ. სულხანიშვილი, ა. ბალანჩივაძე, ა. მაჭავარიანი, შ. მშველიძე, ო. თაქთაქიშვილი და სხვ.).
ფართო აღიარება მოიპოვა დ-ის შრომებმა ფ. შუბერტის სიმფ. შემოქმედების შესახებ. რომანტიკული სიმფონიზმის მისეული კონცეფცია დამკვიდრდა მუსიკათმცოდნეობაში.
დ-მ ღრმა კვალი დაამჩნია ქართ. მუსიკათმცოდნეობის შემდგომ განვითარებას. მისი მოწაფეები არიან: ა. წულუკიძე, გ. ორჯონიკიძე, ვ. გვახარია, გ. ტორაძე, რ. წურწუმია, დ. გოგუა, მ. ქავთარაძე, ლ. კაკაბაძე, რ. ქუთათელაძე, მ. ხვთისიაშვილი და სხვ.
თხზ.: შალვა მშველიძე (მონოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1946; Симфония си минор Шуберта, წგ.: Очерки по истории и теории музыки, Л., 1940; Музыкальное наследие Грузии (классический период), კრ.: Грузинская музыкальная культура, М., 1957; Захарий Палиашвили, М., 1958 (2 изд., М., 1971); Очерки по истории грузинской советской музыки, ч. 1, Тб., 1975; Симфонии Шуберта, კრ.: Музыка Австрии и Германии XIX века, кн. 1, М., 1975.
ლიტ.: ტ ო რ ა ძ ე გ., გამოჩენილი ქართველი მუსიკათმცოდნე, «საბჭოთა ხელოვნება», 1985, №9; А с л а н и ш в и л и Ш. С., Проблемы музыкального наследия в Грузии, კრ.: Музыковедение и музыкальная критика в республиках Закавказья, М., 1956; К а к у л и я Л., Ч к о н и я С., Композиторы и музыковеды Грузии, Тб., 1984.
გ. ტორაძე