დონაძე მერაბ გენადის ძე (17. VII. 1937, თბილისი, – 16. XII. 2010, იქვე), მომღერალი (ბარიტონი). საქართვ. დამს. არტისტი (1978), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VIII საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (ჰელსინკი, 1962, I პრემია – ოქროს მედალი).
1961 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ვ. ქაშაკაშვილისა და გ. მარგიევის კლასები), პარალელურად – თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი.
1962–81 თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის სოლისტი იყო. შესრულებული აქვს ონეგინისა და ელეცკის (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი" და „პიკის ქალი"), ლევანისა და საქოს (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე"), ქალუნდაურის (შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა"), სილვიოს (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები"), ოიდიპოსის (ა. შავერზაშვილის „ოიდიპოს მეფე", საკონცერტო შესრულება) და სხვ. პარტიები.
1975–77 იყო კიევის საოპერო თეატრის სოლისტი.
1993–2006 მუშაობდა საქართვ. ფილარმონიის გენერალურ დირექტორად. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრალურ ინ-ტში. სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა ვ. აზარაშვილთან (კონცერტებით შემოიარეს საქართვ. ქალაქები).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
გ. ტორაძე