დონაური მიხეილ ივანეს ძე (1757, სანქტ-პეტერბურგი, – 21. X. 1817, იქვე), რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, გენ.-მაიორი (1796). მეფე ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთს გადასახლებული კახელი აზნაურის ი. დონაურის ვაჟი.
ახალგაზრდობისას განაწესეს სამხ. სამსახურში, 1780 კი სამოქალაქო უწყებაში გადაიყვანეს. იმპ. ეკატერინე II-ის კარზე ასრულებდა ტახტის მემკვიდრის – პავლე პეტრეს ძის მდივნისა და ბიბლიოთეკარის მოვალეობას.
პავლე I-ის გამეფებასთან დაკავშირებით დააჯილდოეს წმ. ალექსანდრე ნეველის, წმ. ანას I ხარისხის ორდენებითა და 2000 გლეხით.
1797 დაინიშნა საიმპერატორო კაბინეტის მმართველად. იმავე წელს მიენიჭა საიდუმლო მრჩევლის, 1799 კი – ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდება და სენატორობა.
პავლე I-მა დაუმტკიცა მას გერბი წარწერით „მხოლოდ შენ" და მიანიჭა რუსეთის აზნაურობა. მალე იგი ყველა პოსტიდან დაითხოვეს.
1801 ალექსანდრე I-მა კვლავ აღადგინა სამსახურში და სენატის III დეპარტამენტში სენატორად დანიშნა.
დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
ლიტ.: Г о г и т и д з е М., Военная элита Кавказа, Тб., 2007; Д ж а в а х и ш в и л и Н., Грузины под Российским флагом, Тб., 2003.
მ. გოგიტიძე