დობრინინი ბორის თედორეს ძე [14 (26). V. 1885, მინსკი, – 4. IX. 1951, კიევი], რუსი გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1935).
1909 დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა. 1916-იდან მოსკოვის უნ-ტის პრივატდოცენტი იყო, 1931-იდან – პროფესორი. 1938–41 – მისი ინიციატივით შექმნილი საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზ. გეოგრ. კათედრის გამგე, 1934–39 – სსრკ მეცნ. აკად. გეოგრაფიის ინსტიტუტის განყ-ბის გამგე, 1942–50 – თსუ-ის პროფესორი და ფიზ. ქვეყანათმცოდნეობის კათედრის გამგე, 1950–51 – კიევის უნ-ტის ფიზ. გეოგრაფიის კათედრის გამგე.
იმოგზაურა დას. ევრ. ქვეყნებსა (1908–11) და მექსიკაში (1925). ძირითადი საველე გამოკვლევები ჩაატარა ყირიმში, კავკასიასა და აღმ. ევრ. ვაკის ზოგიერთ რ-ნში. 2 შრომა მიუძღვნა დაღესტნის გეოგრ. დახასიათებას, მის ლანდშაფტურ რაიონებსა და მცენარეულობას.
შეისწავლა კავკ. შავი ზღვის სანაპიროს რელიეფის ფორმები და სამხრ. კავკ. ლანდშაფტები. მონაწილეობდა კავკ., ყირიმისა და რუს. ვაკის ფიზ.-გეოგრ. დარაიონებისა და გეომორფოლ. რუკების შედგენაში.
1940 გამოვიდა დ-ის თხზ. „ამიერკავკასია. ფიზიკურგეოგრაფიული დახასიათების ცდა", რ-შიც მთავარი ადგილი უჭირავს სამხრ. კავკ. გეომორფოლ. აღწერას. თანდართულ რუკაზე აღნიშნულია სამხრ. კავკ. ცალკეული სტრუქტურული და მორფოლ. ერთეულები. დ-მა თსუ-ში გამოზარდა ლანდშაფტმცოდნე სპეციალისტები და ხელი შეუწყო ამ დარგის განვითარებას საქართველოში.
დ-ის სახელს ატარებდა ერთ-ერთი საბჭ. ყინულმჭრელი.
თხზ.: Закавказье. Опыт физико-географической характеристики, «Труды Ин-та географии АН СССР», 1940, т. 34; Физическая география Западной Европы, М., 1948; Физическая география СССР. Европейская часть и Кавказ, 2 изд., М., 1948; დასავლეთ ევროპის ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1953.
დ. უკლება