დიღმელოვი (დ ი ღ მ ე ლ ა შ ვ ი ლ ი) ალექსანდრე დავითის ძე (22. X. 1884, სოფ. ჭოპორტი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 31. III. 1958, თბილისი), კინოოპერატორი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1945). ქართ. საოპერატორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1899–1900 მამის ფოტოატელიეში მუშაობდა ლაბორანტად და რეტუშორად. 1910-იდან დ-მა დამოუკიდებლად დაიწყო კინოსიუჟეტებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღება, მ. შ. „ვასილიევის, უტოჩკინისა და ქებურიას გაფრენა", „მცხეთობა", „ბორჯომის მინერალური წყალი", „თბილისის ბოტანიკური ბაღი", „ქართული ჭიდაობა", „ყარაჩოხელთა ქეიფი მცურავ ტივებზე", „ლადო მესხიშვილის იუბილე ქუთაისში 1912 წელს", „დოღი" და სხვ. მისივე გადაღებულია პირველი ქართ. მხატვრული ფილმი „ქრისტინე" (1916–18, რეჟ. ა.წუწუნავა), აგრეთვე რეჟისორ ვ.ბარსკის მხატვრული ფილმები „თავმოკვეთილი გვამი" (1919), „ცეცხლთაყვანისმცემლები" (1920) და სხვ.
დ. აქტიურად მონაწილეობდა კინემატოგრაფიულ საქმიანობაში, იყო „სახკინმრეწვის" წამყვანი ოპერატორი. მისი საუკეთესო ფილმებია: „არსენა ჯორჯიაშვილი" (1921), „წითელი ეშმაკუნები" (1923), „სამი სიცოცხლე" (1924), „ჯანყი გურიაში" (1928), „უკანასკნელი ჯვაროსნები" (1934), „არსენა" (1937), „გიორგი სააკაძე" I და II სერია (1942–43; სსრკ სახელმწ. პრემია, 1946), „მაგდანას ლურჯა" (1955, ლ. სუხოვთან ერთად) და სხვ.
დ. ფლობდა გადაღების ბრწყინვალე ტექნიკას, შესანიშნავად გრძნობდა მხატვრულ-ფოტოგრაფიულ ფორმასა და შუქჩრდილებს, ითვლება კომბინირებული გადაღების პიონერად ქართ. კინოში [„ქაჯეთი" (1936), „ქეთო და კოტე" (1948), „ორი ოკეანის საიდუმლოება" (I და II სერია, 1955–56) და სხვ.].
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ა. გვენცაძე