დიპლიპიტო, სამხრეთ კავკასიაში ფართოდ გავრცელებული აღმოსავლური წარმოშობის დასარტყამი საკრავი.
შედგება გამომწვარი თიხისგან დამზადებული სხვადასხვა სიგანისა და ერთი სიმაღლის ორი პატარა ქოთნისაგან (ქილა), რ-ებზეც გადაკრულია თიკნის ტყავი ან ხარის ფაშვის ბუშტი. ქოთნები ერთმანეთზე თასმითაა გადაბმული. მათი სიმაღლეა 200–250 მმ, დიამეტრი პატარისა – 90 მმ, დიდისა – 170 მმ. შევიწროებული ძირის დიამეტრია 25–50 მმ. გარედან ნაირფერადაა მოხატული.
დ-ს უკრავენ ხის ორი პატარა ჯოხით, „თხის ფეხუნებით". დ-ს რაკრაკა ხმოვანება ახასიათებს. თუ ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავის დაჭიმვა უნდათ, ქოთნებს მაყალზე ათბობენ, მოსაშვებად კი ტყავებს ოდნავ ასველებენ.
დ. უმთავრესად საანსამბლო საკრავია. პროფესიულ ორკესტრში პირველად შეიტანა მ. იპოლიტოვ-ივანოვმა („კავკასიურ ესკიზებში", 1894).
დ. გამოიყენა არაყიშვილმა ოპერაში „თქმულება შოთა რუსთაველზე", რ. გლიერმა – „შაჰ-სენემში" და სხვ.
გ. ჩხიკვაძე