აბზინდა (Artemisia Absinthium)

აბზინდა

აბზინდა (Artemisia Absinthium), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

მისი სიმაღლე 60–100 სმ აღწევს. ფრთისებრ განკვეთილი ფოთლები აქვს. კალათები მოკლე საყვავილე ღერძზეა განლაგებული ცალგვერდა მტევნებად და შეკრებილია გრძელ საგველასებრ ყვავილედებად. ა. ჩვენში ფართოდ გავრცელებული (აფხაზეთი, სვანეთი, სამეგრელო, ქართლი და სხვ.) მცენარეა. იზრდება დანაგვიანებულ ადგილებზე, გზისპირებსა და რიყეზე. ყვავილობს ივლ.-ოქტ-ში. შეიცავს ეთეროვან ზეთს, რ-იც შედგება თუიოლის სპირტისა და ნახშირწყალბადებისაგან, მწარე გლიკოზიდ აბსინთინისა და ანაბსინთინისაგან, აგრეთვე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგ. მჟავებს, ასკორბინის მჟავას და სხვ. ფოთლისა და ყვავილის ნაყენს (სპირტიანი და უალკოჰოლო) და ექსტრაქტს ხმარობენ მედიცინაში მადის მომგვრელ საშუალებად.

ზ. შენგელია