დიდებულიძე ალექსანდრე იოსების ძე [14 (26). XII. 1882, თბილისი, – 18. IV. 1951, იქვე], ენერგეტიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1944). ტექ. მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1918), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1941). ფერადი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი რუსეთში.
დაამთავრა რიგის პოლიტექ. ინ-ტი (1911). 1910–16 სამეცნ.-პედ. მუშაობას ეწეოდა რიგის პოლიტექ. ინ-ტში, ხოლო 1916–17 – ოდესაში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა პოლიტექ. ინ-ტის შექმნაში.
1918 დაბრუნდა საქართველოში. იყო თბილ. პოლიტექნიკური ინ-ტის პროფესორი (1919–26) და რექტორი (1920–21), თსუ-ის ფიზ. კათედრის გამგე (1919–33), თსუ-ის პოლიტექ. ფაკ-ტის პირველი დეკანი (1922–26), საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1928). 1922-იდან მუშაობდა თსუ-ში, შემდეგ კი (1928-იდან გარდაცვალებამდე) საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში ზოგადი და თეორ. ელექტროტექ. კათედრის გამგედ.
1923-25 პარალელურად ხელმძღვანელობდა თბილ. გეოფიზ. ობსერვატორიას, 1932-38 - ამიერკავკ. ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერთა ინ-ტის ელექტროტექ. კათედრას, 1936-45 - საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სოფ. მეურნ. ელექტრიფიკაციის კათედრას, ხოლო 1948-51 – საქართვ. მეცნ. აკად. ენერგეტ. ინსტიტუტს.
დ-მ კ. ამირაჯიბთან ერთად შექმნა სსრ კავშირში პირველი ელექტროტრაქტორი (1930), აგრეთვე ნათესების მოსარწყავი პირველი გრძელჭავლიანი საწვიმარი აპარატი (1932). ავტორია მნიშვნელოვანი გამოგონებებისა ტექ. დარგში. დ-ის ხელმძღვანელობით 1923 წ. 3 სექტ. მყინვარწვერზე ავიდა საქართვ. გეოფიზ. ობსერვატორიის პირველი სამეცნ. ექსპედიცია, რ-მაც გ. ნიკოლაძის ექსპედიციასთან ერთად სათავე დაუდო საბჭ. ალპინიზმის ისტორიას. პირველად ჩატარდა დევდარაკის მყინვარისა და მყინვარწვერის გეოფიზ. კვლევა-ძიება.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები (სახელმძღვანელო), ნაწ. 1, ტფ., 1927; ელექტრო და მაგნიტომეტრია (სახელმძღვანელო), ტფ., 1929; Цветная фотография на солях серебра, Рига, 1915; Фоторепродукция невидимого, Тб., 1948 (თანაავტ. Г. А. Дидебулидзе).
ბიბლ.: ალექსანდრე დიდებულიძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. გ. მგელაძე, თბ., 1985.