დვალები

დ ვ ა ლ ე ბ ი ალავერდის ოთხთავი მათეს სახარების პირველი გვერდი XI ს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თბილისი

დვალები, კალიგრაფები. უმეტესობა, როგორც ჩანს, მოღვაწეობდა უცხოეთის ქართულ სავანეებში – იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, სინას მთაზე და სხვ., ზოგიერთი კი – საქართველოში.

XI ს. მოღვაწეობდნენ იოანე და მიქელ დ. იოანეს გადაუწერია „თვენი" (ა. ცაგარელის კატალოგი, № 36); 1055 მანვე გადაწერა „წმინდა ბასილის ცხოვრება" (ა. ცაგარელის კატალოგი, № 105), რ-იც დაწერილია ნუსხურით, ლამაზი ხელით, შემკულია მშვენიერი თავსამკაულებითა და საზედაო ასოებით. სავარაუდოდ, ამავე იოანეს ხელითაა ნაწერი ავგაროზ მეფის აპოკრიფული ამბავი ალავერდის ოთხთავში (ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი A–484). არსებობს მოსაზრება (რ. შმერლინგი), რომ მთელი სახარების გადამწერნი მიქელი და გიორგი დ-ები იყვნენ. მიქელის გადაწერილია ნუსხური „ჟამნი" (ა. ცაგარელის კატალოგი, № 23). იგი აგრეთვე მოხსენიებულია იოანე ოქროპირისეულ იოანეს სახარების თარგმანების ანდერძში (ა. ცაგარელის კატალოგი, № 145); შესაძლოა მისივე იყოს 1049 წ. სვინაქსარიც (ა. ცაგარელის კატალოგი, № 142).

სტეფანე დვალმა გადაწერა ჟამისწირვათა კრებული (ნ. მარის კატალოგი, № 89), გიორგიმ – სინას მთის მონასტრის მეორე კრებული (ი. ჯავახიშვილის კატალოგი, № 36). კატალოგთა შემდგენლები არაფერს ამბობენ ამ ხელნაწერთა თარიღის შესახებ. გიორგი დვალმა (სავარაუდოდ – სხვა) გადაწერა ლაბეჭინის ოთხთავი (ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი A–1563), რ-საც XIII ს-ს მიაკუთვნებენ. იგი ნუსხურით ნაწერი მომცრო წიგნია; საზედაო ასოები სინგურითა და მელნითაა შესრულებული, ზოგი ასო ასოშია ჩასმული, ნაწერი მკაფიოა, ნაკლებად გადაბმული.

ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.