იანქოშვილი მერი ვახტანგის ასული

 

იანქოშვილი მერი ვახტანგის ასული (27. X. 1918, თბილისი, – 24. VII. 1983, იქვე), ფილოლოგი, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1968). საქართვ. მეცნ. დამსა­ხურებული მოღვაწე (1980).

დაამთავრა თსუ-ის ინგლ. ენის განყ-ბა (1940). 1943-იდან მუშაობდა იქვე. 1968 უცხო ენების ინ-ტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა რომანულ-გერმ. ფილოლ. კათედრას. 1974-იდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის ინგლისური ფილოლ. კათედრის გამგე.

პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ი. ეწეოდა ნაყოფიერ მეცნ. მუშაობას. მისი ნაშრომები ეხება ლინგვისტიკის და თეორიული ენათმეცნიერების აქტუალურ პრობლემებს, უცხო ენების სწავლების მეთოდიკას, ლექსიკოგრაფიის საკითხებს. ნაშრომთაგან აღსანიშნავია: „გრამატიკული კატეგორიების არსი თანამედროვე ინგლისურ ენაში", „გრამატიკული მოვლენების ბლუმფილდისეული მეთოდი", „ენის მექანიზმი და პროგრამისეული სწავლება", „სიტყვის მნიშვნელობის ბირთვული სტრუქტურა" და სხვ.

ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს რ. კიპლინგის მოთხრობები (1947), ჩ. დიკენსის „პიკვიკის კლუბის ჩანაწერები" (1959).

თხზ.: ინგლისური ენის სახელმძღვანელო, თბ., 1979 (თანაავტ.); ძირითადი ინგლისურის სტრუქტურები დაპროგრამებული სავარჯიშოების სახით, თბ., 1979 (თანაავტ.); Inglish by Patterns, Tb., 1976.