გუნაშვილი ვახტანგ ბესარიონის ძე (12. II. 1926, თბილისი, – 9. X. 2010, იქვე), მოცეკვავე. საქართვ. სახ. არტისტი (1974). 1949 დაამთავრა თბილ. ქორეოგრ. სასწავლებელი. 1945-იდან საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლის, ხოლო 1959-იდან თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის სოლისტი იყო. პარტიები: იაგო (ა. მაჭავარიანის „ოტელო"), ბაზილი (ლ. მინკუსის „დონ კიხოტი"), ჯარჯი (ა. ბალანჩივაძის „მთების გული"), მამია (დ. თორაძის „გორდა"), დავრიში (გ. კილაძის „სინათლე"), ვაცლავი (ბ. ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი"), უფლისწული (პ. ჩაიკოვსკის „მაკნატუნა"), თავადი გუდალი, დემონი (ს. ცინცაძის „დემონი") და სხვ. გ. იყო ქართ. ხალხ. ცეკვების საუკეთესო შემსრულებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ა. დვალთან ერთად შესრულებული ცეკვა „ქართული". დაჯილდოებული იყო პლასტ. გამომსახველობის შესანიშნავი უნარით. გ-მა ქ. ზაარბრიუკენში (გერმანია) დადგა ოპერების – ზ. ფალიაშვილის „დაისისა" და ო. თაქთაქიშვილის „მინდიას" ცეკვები. საგასტროლო კონცერტებით მოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.
ნ. გუნია