ისაკაძე შალვა გიორგის ძე (დ. 22. VIII. 1936, თბილისი), დეკორატორი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (2005); საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983); თბილ. მთ. დეკორატორი (1995-იდან).
1959 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი დეკორ. მებაღეობისა და ლანდშაფტური არქიტ. განხრით. 1969–74 იყო თბილ. საქალაქო საბჭოს დეპუტატი და გამწვანების ტრესტის მმართველი, 1972–76 – საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრ. ბოტან. ბაღის მთ. დეკორატორი, 1956 – მწვანე მშენებლობაში ქართული ჩუქურთმის დანერგვის ავტორი, 1974–78 – საქართვ. მეცნ. აკად. ბიოლ. განყ-ბის სწავლული მდივანი, 1982–90 – მცხეთის მთ. დეკორატორი. 1983-იდან საქართვ., 1983–91 – სსრკ-ის არქიტ. კავშირის წევრია. 1993–2003 იყო ლანდშაფტის არქიტ. და გარემოს დაცვის კომისიის თავ-რე. 1970– 2005 ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას თსუ-ში, სპი-სა და აგრ. უნ-ტში. 2003–05 იყო საქართვ. აგრ. უნ-ტის დეკორ. მებაღეობისა და ლანდშაფტური არქიტ. კათედრის გამგე.
ი. ავტორია ე. წ. „საქართველოს ბაღისა" მამაის ყორღანზე (ვოლგოგრადი; 1966), საქართვ. ექსპოზიციის გამწვანებისა სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენაზე (ВДНХ) (მოსკოვი; 1983) და სხვ.
საქართველოში მისი ავტორობით შექმნილია მრავალი პარკი, სკვერი, ბაღი, გაფორმებულია შენობები, გამწვანებულია ტერიტორიები; კერძოდ, თბილ. დენდროპარკი (1959), თსუ-ის მთ. კორპუსის შემოგარენი (1968), საქართვ. ალკკ (ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი) შენობა (ლანდშაფტური გაფორმება; 1968), სანატორიუმი „საქართველო" წყალტუბოში (გამწვანება, 1983), ი. სტალინის სახლ-მუზეუმი გორში (ლანდშაფტური გაფორმება; 1985), პარკი და თეატრონი მცხეთაში (1985), პარკი რუსთავში (1986), დიდუბის გამოფენის ცენტრისა (1992) და რუსთაველის გამზირის (1996) გამწვანება-რეკონსტრუქცია, გმირთა მოედანზე საქართვ. ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის ბაღის (2005) გამწვანება და სხვ.
ი-ის ხელმძღვანელობით მოეწყო ყვავილების დღესასწაული და გამოფენა საქართვ. მრავალ ქალაქში. ი. თანამშრომლობს ქართ. ენციკლოპედიის რედაქციასთან დაარსებიდან დღემდე. არის საქართვ. ეროვნ. აკადემიის (2000), საქართვ. ეროვნ. და სოც. ურთიერთობის აკადემიის (2003), იუნესკოს საერთაშ. პროგრამის „ადამიანის და ბიოსფეროს" საქართვ. ეროვნ. კომიტეტის (2010-იდან), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ეკოლ. კომისიის წევრი (2015).
ი. მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 12 მონოგრაფიის ავტორია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2000).
თხზ.: სან-სუსის ბაღი, თბ., 1960; თბილისის ბოტანიკური ბაღი, თბ., 1969; საქართველოს ხალიჩოვანი მცენარეები, თბ., 1970; ვერსალის პარკი, თბ., 1980; დეკორატიული დაბალბალახოვანი ადგილობრივი მცენარეები, წგ. 1, თბ., 2005; დეკორატიული დაბალბალახოვანი ინტროდუცირებული მცენარეები, წგ. 2, თბ., 2009.