იყალთო, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, მდებარეობს სოფ. იყალთოს სამხრ-ით, დაახლ. 1 კმ-ზე, მთის ძირში. შემონახულია ფერისცვალების, სამებისა და ყველაწმინდის ეკლესიები, აკადემიის შენობა, სატრაპეზო, მარანი, ექვსი ეკლესიის და რამდენიმე შენობის ნაშთი.
მონასტერი VI ს. II ნახ-ში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ – წმ. ზენონ იყალთოელმა. შუა საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც არსენ იყალთოელმა (XI–XII სს.) აქ აკადემია დააარსა, მონასტრის მნიშვნელობა გასცდა კახეთის ფარგლებს და მთელი საქართველოს დიდ კულტ.-საგანმან. ცენტრად იქცა.
მონასტრის ეკლესიებიდან მთავარია ფერისცვალების ეკლესია („ღვთაება"). სავარაუდოდ იგი, აგებულია IX ს-ში, იმ ეკლესიის ადგილზე, რ-შიც დაკრძალული იყო მონასტრის დამაარსებელი წმ. ზენონი. XIX ს-ში შენობის კედლების დანგრეული ნაწილები აღადგინეს, ეკლესიას ახალი მაღალყელიანი გუმბათი დაადგეს, შიგნიდან და გარედან შელესეს და შეათეთრეს.
ეკლესია გეგმით „ჩახაზული ჯვრის" ტიპისაა. შესასვლელი სამია – სამხრ-ით, დას-ით და ჩრდ-ით. სამივე კარი ჯვრის შესაბამისი მკლავის ცენტრშია გაჭრილი.
არქიტ. ფორმების თვალსაზრისით, ეკლესიის თავისებურებაა 4 ბოძზე დაყრდნობილი გუმბათი. გუმბათქვეშა ბურჯები გეგმით ჯვრის ფორმისაა.
ფერისცვალების ეკლესიის აღმ-ით, 10–12 მ დაშორებით, დგას სამების ე კ ლ ე ს ი ა. იგი თავდაპირველად, გუმბათიანი ყოფილა, დანგრევის შემდეგ კი აღადგინეს (XIX ს.) და დარბაზულ ეკლესიად გადააკეთეს. კარიბჭის იატაკში, ეკლესიაში შესასვლელის წინ, ტაძრის ქვეშ არსებულ აკლდამაში ჩასასვლელი სწორკუთხა შახტია. თვით აკლდამას რეკონსტრუქცია არ შეხებია და უცვლელადაა შემორჩენილი.
ღვთაების ეკლესიის სამხრ-ით დგას ყველაწმინდის დარბაზული ე კ ლ ე ს ი ა, რ-იც XI–XII სს. მიეკუთვნება. მონასტრის მთავარი ტაძრის სამხრ-ით, დგას რიყის ქვით ნაგები აკადემიის შენობა.
კომპლექსის დას-ით, 30 მ-ზე, წმ. ნინოს ე კ ლ ე ს ი ა ა, რ-იც მთლიანად მიწით იყო დაფარული. 2012 გაიწმინდა ეკლესიის ინტერიერი და ნაწილობრივ გარეთა კედლები.
ეკლესია დარბაზულია, აფსიდიანი. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ერთადერთი შესასვლელი (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი) ჩრდიდან აქვს. აფსიდი გადახურულია კონქით. კამარისგან მხოლოდ სამხრ. გვერდის ნაწილიღაა შემორჩენილი. დას. და ჩრდ. კედლების დიდი ნაწილი დანგრეულია. ეკლესია გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით.
ლიტ.: ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1–II, თბ., 2015; Чубинашвили Г. Н., Aрхитектура Kахетии, Тб., 1959.
თ. დვალი