იოსელიანი გიორგი ივანეს ძე [2(15). V. 1904, გორი, – 4. I. 1970, თბილისი], რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1961). 1925–26 იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1934 დაამთავრა მოსკ. თეატრ. ხელოვნების ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი; 1930, ჯერ კიდევ სტუდენტი, დაინიშნა რეჟისორ-ლაბორანტად მოსკ. მეორე სამხატვრო თეატრში. ი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რეჟისორად ლენინგრადის კიროვის სახ. ოპერისა და ბალეტის და საოლქო დრამ. თეატრებში.
II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მონაწილეობდა ლენინგრადის დაცვაში, რისთვისაც დაჯილდოვდა სამამულო ომის მეორე ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე მედლებით.
1947 მოღვაწეობას იწყებს ქართ. თეატრში. წლების განმავლობაში მუშაობდა სამხატვრო ხელმძღვანელად და დამდგმელ რეჟისორად ქუთაისის, სოხუმის, ფოთისა და თელავის დრამ. თეატრებში. დადგა 25-მდე სპექტაკლი, მ. შ. აღსანიშნავია: ა. ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი", ა. ჩეხოვის „ივანოვი", ნ. გოგოლის „ქორწინება". უკანასკნელ წლებში მუშაობდა საქართვ. ფილარმონიის მთ. რეჟისორად.