იოსელიანი ელენე (ლილი) კონსტანტინეს ასული (25. III. 1922, თბილისი, – 14. V. 2014, იქვე), რეჟისორი და პედაგოგი, პროფესორი (1979), საქართვ. პედ. მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1998). საქართვ. სახ. არტისტი (1976), შოთა რუსთაველისა (2010) და კ. მარჯანიშვილის (2002) პრემიების ლაურეატი.
1946 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (გ. ტოვსტონოგოვის ჯგუფი). მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში (1947), კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში (1952–59 და 1963–65), სამხატვრო ხელმძღვანელად გორის გ. ერისთავის სახ. დრამ. თეატრში (1960–62 და 1966–69), თბილ. სანკულტურის თეატრში (1962–63); რეჟისორად – შოთა რუსთაველის სახ. თეატრში (1969–71).
1947-იდან ი. პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში.
მისი სპექტაკლები გამოირჩეოდა დახვეწილი პროფ. კულტურით, ღრმა ფსიქოლოგიზმითა და ლირიზმით. დადგმებიდან აღსანიშნავია: თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში – მ. ალიგერის „ზღაპარი სიმართლეზე" (1946); კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში – ვ. გაბესკირიას „გაზაფხულის დილა" (1952), რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი" (1954), „რას იტყვის ხალხი" (1956), ი. გალანის „სიყვარული გარიჟრაჟზე" (1954), ბ. შოუს „პიგმალიონი" (1955), მ. გორკის „ფსკერზე" (1957), უ. შექსპირის „აურზაური არაფრის გამო" (1963), ე. ციცაგის „ფითრი" (1964), გ. ჰაუპტმანის „მშვიდობის დღესასწაული" (1990); თბილ. სანკულტურის თეატრში – „ჩვენი ერთი საღამო" (1961), ვ. აქსიონოვის „კოლეგები" (1962), შ. ნარსიას და თ. ფერაძის „მეისრე" (1963); რუსთავის დრამ. თეატრში – უ. შექსპირის „ჰამლეტი" (1975) და სხვ. ი-ს შედგენილი აქვს სამსახიობო ოსტატობისა და რეჟისორული წარმოსახვის განმავითარებელი სავარჯიშოები.
გადაღებულია კინოფილმებში: „დები წყვდიადში" („ბერნარდა ალბას სახლი"; 1980); „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1984), „წყარო" (1985), „ფესვები" (1987); მას ეძღვნება დოკუმენტური ფილმი „ოსტატობის გაკვეთილები" (რეჟ. ვ. ზუბაშვილი, 1986).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: ვეფხვაძე გ., ლილი იოსელიანი (ალბომი), თბ., 2017; ხ ვ თ ი ს ი ა შ ვ ი ლ ი დ., ლილი იოსელიანი, თბ., 2002; მისივე, ლილი იოსელიანი - 100, თბ., 2022.