იოსელიანი ოტია შალვას ძე (16. VI. 1930, სოფ. გვიშტიბი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 14. VII. 2011, იქვე), მწერალი. 1961 დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტ. კურსები. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1954-იდან. მოთხრობების პირველი კრებ. „კარის მეზობლები" გამოსცა 1957, საბავშვო წიგნი „უთაური ბიჭის თავგადასავალი" – 1960. ი. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანისა და საბავშვო მწერლობის ჟანრში. რომანებში „ვარსკვლავთცვენა", (1962); „ტყვეთა ტყვე", „შავი და ცისფერი მდინარე" (ორივე 1975) მთავარია ომის თემა. ზნეობრივ-ეთიკური პრობლემატიკაა წინ წამოწეული რომანში „იყო ერთი ქალი" (1970). საბავშვო მოთხრობების კრებულებია: „ცხრა მთას იქით" (1969); „დაჩის ზღაპრები", „ცაგამთენია" (ორივე 1973) და სხვ.
ი. ნოველებით მოვიდა ქართ. მწერლობაში. მათში თავმოყრილი იყო ყველა ის საინტერესო თემა და მოტივი, რაც შემდეგ რომანებსა და პიესებში სხვადასხვა კუთხით გაიშალა. მის შემოქმედებას იმთავითვე თან ახლდა თავისთავადობა, ორიგინ. ხელწერა, იგრძნობოდა საკუთარი ხედვა საგნებისა და მოვლენების მიმართ. მწერალი ცდილობდა ადამიანის სულში გამართული სიკვდილსიცოცხლის ჭიდილის დახატვას, პატივით ეკიდებოდა პოეტურის წარმოჩენას ადამიანთა ყოფით ცხოვრებაში, კარგად გრძნობდა ადამიანის ფსიქოლოგიას, რ-იც თითქმის წამყვანი ნიშან-თვისებაა ი-ის მხატვრული აზროვნებისათვის. მწერალი კარგად იცნობდა სოფელს, მის ხასიათს, ავსა და კარგს, ყოველ ნიუანსს. მან შეძლო სოფლური ყოფის სხვათაგან შეუმჩნეველი ფერების დანახვა და მკითხველამდე მიტანა.
ი. წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. მისი პიესებიდან რამდენიმე („ადამიანი იბადება ერთხელ", „როცა სიყვარული მოვა", „სანამ ურემი გადაბრუნდება", „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") დაიდგა საქართველოსა და საზღვარგარეთის თეატრების სცენებზე. ავტორია კინოსცენარებისა: „ჩქარი მატარებელი", „მალე გაზაფხული მოვა", „თეთრი ქალიშვილი", „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი" და სხვ. ი-ის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია უცხო ენებზე.
ანდერძის თანახმად, დაკრძალულია სოფ. გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოში.
თხზ.: სამი რომანი, თბ., 1972; პიესები, თბ., 1973; ნოველები, თბ., 1974; ექვსტომეული, თბ., 2011 (სერია „ჩემი რჩეული").
ლიტ.: ღ ვ ი ნ ჯ ი ლ ი ა ჯ., წერილები კლასიკურ და თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე, თბ., 1990.