იონა (ერისკაცობაში – ივანე სიმონის ძე ვ ა ს ი ლ ე ვ ს კ ი) (1. III. 1762, კალუგა, – 22. VI. 1849, პეტერბურგი), საქართველოს ეგზარქოსი 1821–32. 1792 მღვდლად ეკურთხა, ერთი წლის შემდეგ დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1807 აღიკვეცა ბერად და დაინიშნა მონასტრის წინამძღვრად. 1808 დაინიშნა კალუგის სემინარიის რექტორად, 1810 კი – პეტერბურგის სას. აკად. ინსპექტორად. 1821 აპრილიდან ასტრახანის ეპარქიას განაგებდა. მთავარეპისკოპოსის ხარისხით იმავე წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართვ. ეგზარქოსად. 1828 წ. 22 აგვისტოს რუს. სინოდის გადაწყვეტილებით მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი.
ი. მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა კავკასიის მთიანეთში მცხოვრებთა შორის ქრისტიანობის აღდგენას. ამ მიზნით განსაკუთრებით გააქტიურდა „ოსეთის სასულიერო კომისიის" საქმიანობა. მისი შუამდგომლობით კავკასიაში დაარსდა სას. სასწავლებელი.
ი-ს დროს ოსი მოსახლეობისათვის შემოიღეს ღვთისმსახურება ოსურ ენაზე. მან ხელი შეუწყო იოანე იალღუზიძეს ქართ. შრიფტის გამოყენებით ქართულიდან ოსურ ენაზე ეთარგმნა ლოცვები, კატეხიზმო, სახარება და სხვა სას. ლიტერატურა. ი. ცდილობდა საქართვ. ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვის დროს სლავური საეკ. გალობა დაეწესებინა. მისი ინიციატივით სას. სასწავლებელში სლავური გალობის სწავლება შემოიღეს. 1832 წ. 5 მარტს ეგზარქოსი ი. გადაიყვანეს პეტერბურგში.
ლიტ.: ფ ე რ ა ძ ე ი., საქართველოს ეგზარქოსები, «მოგზაური», 1981, № 4; Кирион, Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тфл., 1901.
ე. ბუბულაშვილი