ინგოროყვა პავლე იესეს ძე

პ. ინგოროყვა

ინგოროყვა პავლე იესეს ძე (1. I. 1893, ფოთი, – 20. XI. 1983, თბილისი), ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდნე, საზოგადო მოღვაწე.

ექსტერნად დაამთავრა გიმნაზია. 1912– 15 სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე.

იყო სა­ქართვ. დემოკრ. რესპ. დამფუძნებელი საბჭოს წევრი (1917), 1918 წ. 26 მაისის სა­ქართვ. დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი; სა­ქართვ. საკათა­ლი­კოსო საბჭოს წევრი (1917). არჩეული იყო სა­ქართვ. საისტ.-საეთნოგრაფიო საზ-ბის წევ­რად (1917–21). იყო ერთ-ერთი ინიციატორი ­ცენტრ. სამეცნ. არქივის (1920), სა­ქართვ. მწე­რალ­თა კავ­ში­რის (1923) და ჟურნ. „მნათობის" დაფუძნებისა (1925). რედაქტორობდა სას. ჟურნ. „სვეტიცხოველს" (1917), მწე­რალ­თა კავ­ში­რის გაზ. „ლაშარს" (1923), ჟურნალებს: „კავკასიონი" (1924) და „ახალი კავკასიონი" (1925). ი-მ დააარსა გამომცემლობა „ქართული წიგნი" (1925–30). იყო მონაწილე სა­ქართვ. სახალხო კომისართა საბჭოს ინიციატივით შექმნილი შერეული რუს.-ქართ. კომისიისა, რ-საც დაევალა რევოლუციამდე სხვა­და­სხვა დროს რუსეთში გატანილ სიძველეთა და საბუთების დაბრუნება სა­ქარ­თველო­ში (1922). 1929–39 განაგებდა სა­ქართვ. სა­ხელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბას. 1931, როგორც პოლიტიკურად მიუღებელი მწე­რალი, გარიცხეს მწე­რალ­თა კავ­შირიდან. 1936–38 იყო "დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" რედაქციის ­განყ-ბის გამგე.

ი-ს პირველი ნა­შრო­მი – „ძველქართული სასულიერო პოეზია. VIII–X სს. წგ. I. ტექსტები" 1913 გამოიცა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მცდელობა ქართ. სას. პოეზიის ძეგლთა შესწავლისა და გამოცემისა, სრულიად ახ. მხატვრ.-ესთეტ. სამყაროს ჩვენებისა. 1914-იდან ი-ს გამოკვლევები ქართ. მწერლობის, კულტ., ისტორიის საკითხებზე იბეჭ­დე­ბო­და სამეცნ. კრებულებსა და პერიოდულ გამოცემებში („ძველი საქართვე­ლო", „სა­ქარ­თვე­ლოს მუზეუმის მოამბე", „ენიმკის მოამბე", „კავკასიონი", „მნათობი" და სხვ.). ი-მ ძვ. ქართ. ლიტ-რაში აღმოაჩინა ე. წ. რიტმული პოეზიის ნიმუშები – მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში გაშიფრა ძვ. ქართ. სანოტო სისტემა. ამ საკითხს მიუძღვნა ნაშრო­მი „ანტიკური ხანისა და საშუალო საუ­კუ­ნე­თა ქართული მუსიკალური დამწერლობის ამოხსნა და ძველი ქართული მუსიკის აღდგენა".

ი-ს შემოქმედებაში მნიშვ­ნე­ლოვა­ნია ფუნდამენტური ნა­შრო­მი „გიორგი მერჩულე" (1954), რ-შიც განხილულია V–X სს. მთელი ქართ. სას. პოეზია, გამოვლენილი და გამოქვეყნებულია მანამდე უცნობი პოეტ-ჰიმნოგრაფების თხზულე­ბანი. მონოგრაფიაში თავმოყრილია მეცნიერის მრავალწლიანი კვლე­ვა-ძიებანი, დაწვრილებითაა შესწავლილი ქართ. ჰიმნოგრაფიული პოეზია.

ი-მ თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ნაწილი დაუთმო შოთა რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსნის" კვლე­ვას. ორჯერ გამოსცა „ვეფხისტყაოსანი" (1953, 1971). ამ საკითხს მიუძღვნა ნაშრომები: „რუსთველიანა" (1926), „რუსთაველი და მისი პოემა" (1937), „რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა" (1940–41), „რუსთველიანას ეპილოგი" (1963). იგი ავტორია ასევე მონოგრაფიებისა:„"ნიკოლოზ ბარათა­შვი­ლი" (1938), „აკაკი წერეთელი" (1940), „ილია ჭავჭავაძე" (1951).

ი-ს რედაქტორობითაა გამო­ცემული გიორგი მერჩულის „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა" (1950), „ჩვენი საუნჯის" VI ტომი; თანარედაქტორობით: ი. ჭავჭავაძის თხზუ­ლე­ბათა სრული კრებული (1925–30), „ვისრამიანი" (1938), „ქილილა და დამანა" (1949); ასევე გამოსცა ნ. ბარათაშვი­ლის (1970), ა. წერეთლის (1940–53), ვაჟა-ფშაველას (1956) თხზუ­ლე­ბანი.

დაკრძალულია ­ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: თხზუ­ლე­ბანი შვიდ ტომად, თბ., 1963–2012.

ლიტ.: ჩ ხ ე ი ძ ე  რ., ბედი პავლე ინგოროყვასი (ბიოგრაფიული რომანი), თბ., 2003.

რ. ჩხეიძე