ინასარიძე კარლო (15. XI. 1919, სოფ. კუშუბაური, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 24. VII. 2007, დაკრძალულია ლევილში, საფრანგეთი), მწერალი, პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე.
თბილ. კინომსახიობთა სტუდიაში სწავლის პერიოდში გაიწვიეს II მსოფლიო ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა. ქართვ. ემიგრანტების დახმარებით „ქართული ლეგიონის" საქმიანობაში ჩაერთო. ომის შემდეგ გერმანიაში შეისწავლა იურისპრუდენცია, ფილოსოფია, კინოსა და თეატრის ისტორია. მისი სადოქტორო დისერტაცია იურისპრუდენციაში მიეძღვნა რუსეთ-საქართველოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სამართლებრივ ასპექტებს. ი. იყო ნ. ჟორდანიას პოლიტ. თანამოაზრე, ემიგრაციაში მოქმედი საქართველოს სოც.-დემოკრ. პარტიის წევრი. პარიზში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები: „მებრძოლი საქართველო" და „ჩვენი დროშა". იგი ასევე თანამშრომლობდა ვ. ნოზაძის ჟურნ. „კავკასიონთან". დიდი წვლილი მიუძღვის ჟურნ. „თანამემამულის" დაარსებაში.
ი. იყო რადიო „თავისუფლების" ქართული რედ. დირექტორი. მოღვაწეობდა „ოთარ კეთილაძის" და „დავით თაბორიძის" ფსევდონიმებით. მან თავი მოუყარა ქართვ. ემიგრანტების – გ. რობაქიძის, მ. წერეთლის, რ. არსენიძის, ვ. ნოზაძის და სხვათა ხმების ფონოგრამებს; საქართველოში გამოგზავნა უცხოეთში გამოცემული არაერთი ქართ. წიგნი და ჟურნ.-გაზეთი; შ. და გ. მაღლაკელიძეების, კ. ვეკუას, ი. და ა. ნიკურაძეების არქივები, რ-ებიც ინახება საქართვ. სხვადასხვა ინ-ტსა და მუზეუმში. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართვ. პირველი დემოკრ. რესპ. მთავრობის არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში. ი-ს საქართვ. და ქართვ. ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქველმოქმედებისა და საეკლ. მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა საქართვ. საპატიო მოქალაქის წოდება (1996).
თხზ.: ხელოვნების მეშვიდე სამყარო. ფილმის არსი, სტილი და კანონზომიერება, მიუნხენი, 1953; რადიომეტყველება, მიუნხენი, 1971; ფილმისმეტყველება, მიუნხენი, 1975; გრიგოლ რობაქიძე (ცხოვრება და შემოქმედება), მიუნხენი, 1981; ივერიონი (დაარსების 1000 წლისთავი), მიუნხენი, 1981; პატარა „ოქროს ხანა (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918–1921 წწ."), მიუნხენი, 1984.
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 1, თბ., 1990; ტ. 3, თბ., 1993.
გ. შარაძე