ინაიშვილი ხასან დურსუნის ძე (22. IX. 1942, ქობულეთი, – 11. VIII. 2009, ბათუმი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1982). სახვითი ხელოვნების დარგში საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1988).
1959–65 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. იყო აჭარის მხატვართა კავშირის თავ-რე, საქართვ. მხატვართა კავშირის წევრი (1966-იდან).
მუშაობდა პორტრეტის, ნატიურმორტის, პეიზაჟის ჟანრში. 1965-იდან მონაწილეობდა აჭარაში, საქართვ. სხვადასხვა ქალაქსა და, აგრეთვე, საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში.
ძირითადი ნამუშევრები: „ქართლის პეიზაჟი" (1961), ნატურმორტი „თევზები" (1965), „ცხვრის ფარა მთაში" (1966), „ყვავილები ფანჯრის რაფაზე" (1968), „სოფელი ჩაისუბანი" (1973), „ქალთა ბრიგადა" (1975). ი-მა მრავალი ნამუშევარი მიუძღვნა ბათუმს – „ბათუმის პორტი", „ბათუმი შენდება", „ბათუმის ძველი უბანი", „წითელი სახურავები" (1967), „ჩემი ეზო" (1968). მისი ნამუშევრები დაცულია კიევის რუს. ხელოვნების, მოსკ. აღმ. ხალხთა ხელოვნების მუზეუმებში.