იმედაშვილი გაიოზ იოსების ძე (11. II. 1906, სოფ. ხაშმი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 13. II. 1995, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1969).
დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1929). 1935-იდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. იკვლევდა ძვ. ქართ. სას. და საერო მწერლობის, უპირატესად „ვეფხისტყაოსნის", პოეტიკისა და სტილის საკითხებს.
მის წიგნში „რუსთველოლოგია" (1941) ისტ.-კრიტ. მიმოხილვასთან ერთად შეჯამებულია კვლევის ძირითადი ეტაპები და უმთავრესი პრობლემატიკა. ფუნდამენტური ნაშრომი „რუსთველოლოგიური ლიტერატურა" (1957–65, 2002) შეიცავს 1712–1956 წლების ბიბლ. ანოტაციებს „ვეფხისტყაოსანზე". ი-ის მუშაობის შედეგები განზოგადებულია გამოკვლევებში «„ვეფხისტყაოსანი" და ქართული კულტურა» (1968) და «„ვეფხისტყაოსანი" და ძველი ქართული მწერლობა» (1989).
აღსანიშნავია ი-ის მონოგრაფიები: „ქართული საგალობლის პოეტიკის საკითხები" (1960), „რაინდული რომანი ქართულ მწერლობაში" (1965), „იოსებ იმედაშვილის ცხოვრების გზები" (1984), ასევე გამოკვლევები ძვ. ქართ. ეპიკური ძეგლებისა („ამირანდარეჯანიანი", „სეილანიანი", „სირინოზიანი") და წერილები ი-ის თანამედროვე ქართვ. მწერალთა შემოქმედებაზე (ი. გრიშაშვილი, ტ. გრანელი, ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გ. ტაბიძე და სხვ.).
თხზ.: ვისრამიანისა და ტრისტანიზოლდას ურთიერთობისათვის, თბ., 1939; ქართული კლასიკური ხანის მწერლობის პატრიოტიკა, თბ., 1942; ვეფხისტყაოსნის პარალელები მეათე საუკუნის ქართულ ჰიმნოგრაფიაში, «ლიტერატურული ძიებანი», 1944, [ტ.] 2; ძველი ქართული ენისა და სტილის მიჯნებზე, თბ., 1966; „Четыре солнца" в „Слове о полку Игореве", М.–Л., 1950.
ლიტ.: დ ო ღ ო ნ ა ძ ე ი., ოჯახური დინასტიები საქართველოში (ქართ., რუს., ინგლ. ენებზე), მ., 2004; კ ი კ ი ლ ა შ ვ ი ლ ი ლ., მე გადარჩენილი კაცი ვარ (გაიოზ იმედაშვილი), «ქართველოლოგია», 2014, №4; ჩ ხ ე ი ძ ე ო., ქართული სტილის ძიებაში, «ჩვენი მწერლობა», 2006, N5; ც ა ი შ ვ ი ლ ი ს., ლიტერატურული წერილები, თბ., 1977; ხ ა ჩ ი ძ ე ლ., სამშობლოს ჩრდილი, წგ.: ძველი ქართული მწერლობის საკითხები, თბ., 2012.
კ. იმედაშვილი