იმედაშვილი იოსებ ზაქარიას ძე (20. IV. 1876, სოფ. ხაშმი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 5. V. 1952, თბილისი), მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ლექსიკოგრაფი.
1891 დაიწყო სწავლა თბილ. სახელოსნო-საზეინკლო სასწავლებელში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გარიცხეს მოსწავლეთა აკრძალულ წრეებში მონაწილეობისათვის. XIX ს. 90-იანი წლებიდან ეწეოდა რევ. საქმიანობას, რისთვისაც ორჯერ იყო დაპატიმრებული (1904, 1910). მეორე დაპატიმრებისას 4 წლით კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს.
1906 აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905–06 ხელმძღვანელობდა ივრის ხეობის, ე. წ. „გარეკახეთის ერთობის" რევ. მოძრაობას. 1892-იდან თავისი გვარ-სახელითა თუ ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს, ფელეტონებს, მოთხრობებს, რეცენზიებს, ლექსებს და სხვ. „ივერიაში", „ცნობის ფურცელში", „კვალში", „ნაკადულსა" თუ „ჯეჯილში".
1895-იდან დაიწყო წიგნების გამოცემა: შიო მღვიმელის ლექსები „ნატვრა" (1896), ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი" (1897), ა. პუშკინის ქართ. თარგმანები (1899), მ. გორკის მოთხრობების პირველი ქართ. თარგმანები (1902); შეადგინა და გამოსცა ქართ. და ნათარგმნი პიესების ორი კრებული – „ცხოვრების სარკე" (1899, 1901). 1903–04 წლებში გამოაქვეყნა სატირული რომანი „აახ-ვააახ".
ი. ავტორია რომანებისა: „განახლებული სიცოცხლე" (1919–21), „ციბრუტა" (1940). XX ს. 20-იან წლებში ცალკე წიგნებად გამოიცა მისი პიესები („ნამუსიანი ხალხი", „ალების ცეკვა", „მზე ჩაესვენა" და სხვ.) და პოემები („მზეთამზე", „მშვენიერა"). ავტორია აგრეთვე პიესებისა – „ი. ლაღიაშვილი" (1920), „უკანასკნელი დედოფალი" (1929); ისტ.-ბიოგრ. ნარკვევებისა ლ. აღნიაშვილსა და ი. როსტომაშვილზე; თარგმანებისა სომხ. და აზერბ. ენებიდან. ი. ნაყოფიერად იღვწოდა ლექსიკოგრაფიაშიც. მუშაობდა „ახალ სიტყვათა ლექსიკონსა" და „ფსევდონიმთა ლექსიკონზე".
ი-ის ინტერესთა სფეროს განეკუთვნებოდა ქართული თეატრიც. იყო ავჭალისა (1893) და ავლაბრის მუშათა თეატრის (1902) ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რეჟისორი, 1910-იდან კი – ჟურნ. „თეატრი და ცხოვრების" რედაქტორ-გამომცემელი.
თხზ.: ჩემი ცხოვრების წიგნი, კ. იმედაშვილის წინასიტყვაობით, თბ., 1978.
ლიტ.: ბ ა ქ რ ა ძ ე ა., ცოცხალი წარსული, ტ. 5, ბათ., 2004; გ ო გ ო ლ ა შ ვ ი ლ ი ო., განმანათლებელი, «ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული», ტ. 1, ქუთ., 2009; გ ო მ ა რ თ ე ლ ი თ., სახალხო თეატრების ფარდასთან, თბ., 1990; დ ო ღ ო ნ ა ძ ე ი., ოჯახური დინასტიები საქართველოში, მ., 2004 (ქართ., რუს., ინგლ. ენებზე); ი მ ე დ ა შ ვ ი ლ ი გ., იოსებ იმედაშვილის ცხოვრების გზები, თბ., 1984; იოსებ იმედაშვილი. ავტობიოგრაფია, წგ.: მწერლების ავტობიოგრაფიები, წგ. 1, თბ., 2013; ჯ ა ნ ა შ ი ა რ., იოსებ იმედაშვილის უცნობი წერილები, «ბურჯი ეროვნებისა», 1999, N3–4.
კ. იმედაშვილი