იმედაშვილი ლაშა კობას ძე (დ. 17. III. 1960, თბილისი), პროზაიკოსი, სცენარისტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1982). პირველი მოთხრობა 1978 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი – „პოეტური აღსარება" – 1986. 1985–2000 მუშაობდა ქართ. ლიტ-რის ინ-ტში, 1997–2000 – პრეზიდენტის პრესსამსახურში, 2004–06 – ტელეკომპანია „იმედში"; 2008-იდან კი – თბილ. საკრებულოში საგარეო ურთიერთობათა განყ-ბის უფროსად. ი. ავტორია წიგნებისა: „ქართული ბესტსელერი" (1999), „იმიტაციური მწერლობა" (2000), „იესოს საქმე" (2001), „პატრიარქის ზაფხული"(2007) და სხვ.; სცენარებისა კინოფილმებისათვის: „გუშინ, დღეს, ხვალ" (1984), „ბარიერი"(1985), „კიდევ ერთი ქართული ისტორია"(2000), „მატარებელი"(2001), „სკამი" (2004) და სხვ.
ი-ის ნაწარმოებების ენა ლაკონიურია, სახიერი და დინამიკური, ძირითადი პრობლემა – ადამიანის პიროვნული თავისუფლება. მის შემოქმედებაში ასახვა პოვა ძველმა და ახალმა თბილისმა თავისი ბოჰემური ტიპაჟებით, სპეციფ. ენითა და ჩვეულებებით. ამ მხრივ გამოირჩევა რომანი „თბილისური ამბავი" (2012).
ი-ს მიღებული აქვს ლიტ. პრემიები: „საბა" (2007) – საუკეთესო პროზაული კრებულისათვის „სამი მკვლელობა ძველ თბილისში" და „ხერთვისი" (2007) – საუკეთესო ლიტ. ნაწარმოებისათვის პატრ. თემაზე „თვითნასწავლ პატრიოტთა თაობა"; საერთაშ. კინოფესტივალ „ოქროს არწივის" პრემია საუკეთესო სცენარისათვის (1995; ფილმი „მიზერერე"); გაეროს ბავშვთა ფონდის პრემია ბავშვთა უფლებების შესახებ საუკეთესო ნაწარმოებისათვის (2000).
2013 დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.