იაკობაშვილი ბიძინა აბიათარის ძე [1(14). V. 1906, სოფ. ჩიხა, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 1. X. 1968, თბილისი], აგრონომი. სოფ. მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962).
1929 დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტი. 1941–43 იყო ანასეულის ჩაისა და სუბტროპ. კულტურების საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი; 1943–46 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის დირექტორი; 1961–62 – სოფლის მეურნეობის მინისტრი.
1932-იდან გარდაცვალებამდე ეწეოდა სამეცნ.კვლ. და პედ. საქმიანობას უმაღლეს სასწავლებლებში. იკვლევდა ჩაისა და სუბტროპ. კულტურების სელექციის საკითხებს. ავტორია სახელმძღვანელოებისა: „სუბტროპიკული კულტურების სელექცია" (1956), „გენეტიკის სახელმძღვანელო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის" (1964) და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
გ. თოდუა