იაშვილი ვლადიმერ მიხეილის ძე (15. VII. 1764, სანქტ-პეტერბურგი, – 20. VII. 1815, სოფ. მურომცევო, კალუგის გუბ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1801). გენ.-მ. ვ. ვ. იაშვილის მამა და არტილერიის გენ. ლ. მ. იაშვილის უფროსი ძმა.
1786 დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის საარტილერიო და საინჟ. კადეტთა კორპუსი. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1787–91), იბრძოდა ბენდერის, კინბურნისა და იზმაილის ციხესიმაგრეებთან. 1798 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1800 დაინიშნა მე-6 საარტ. პოლკის მეთაურად.
1801 მონაწილეობდა იმპ. პავლე I-ის მკვლელობაში; იმპ. ალექსანდრე I-ის განკარგულებით გადაასახლეს თავის მამულში (სოფ. მურომცევო, კალუგის გუბ.). 1812 რუსეთის სამამულო ომის დროს მ. კუტუზოვის ნებართვით ჩაება ფრანგების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ იმპ. ალექსანდრე I-მა იგი კვლავ თავის მამულში დააბრუნა.
დაჯილდოებულია ოქროს ხმლით, ოქროს ჯვრებით.
მ. გოგიტიძე