იაშვილი ზურაბ დავითის ძე (3. XI. 1936, თბილისი, – 12. VIII. 1987, იქვე), საესტრადო მომღერალი (ტენორი), რეჟისორი და იმპრესარიო. საქართვ. დამს. არტისტი (1972).
1960 დაამთავრა თბილ. უცხო ენათა სახელმწ. პედ. ინ-ტი (ინგლ. ენის განხრით). 1958-იდან მღეროდა ინ-ტში ჩამოყალიბებულ თვითმოქმედ ვოკალურ-საკრავიერ კვარტეტში. 1961 კვარტეტი „ორერას" სახელწოდებით ფილარმონიის შემადგენლობაში შევიდა როგორც პროფ. კოლექტივი, რ-შიც ი. სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა (1971–81 – სოლისტი, 1981–87 – ხელმძღვანელი).
1981 დაამთავრა ლენინგრადის კულტ.-მასობრივი ღონისძიებების სახელმწ. ინ-ტი, მოიპოვა სამეცნ. ხარისხი და გახდა კულტ.-მასობრივი ღონისძიებების დამდგმელი რეჟისორი (1983).
ი-ს ჰქონდა ლამაზი ტემბრის ლირიკული ტენორი, რითაც ამდიდრებდა და ალამაზებდა კვარტეტის ჟღერადობას. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, პლასტიკით. ანსამბლთან ერთად შემოიარა მსოფლიოს ხუთი კონტინენტის მრავალი ქვეყანა (კონცერტები დაგეგმილი იყო ი-ს, როგორც იმპრესარიოს, ძალისხმევით). მონაწილეობა მიიღო სრულმეტრაჟიან მუს. ფილმში „ორერა – სრული სვლით".
ნ. გელოვანი