იაშვილი მარინე ლუარსაბის ასული (20. X. 1932, თბილისი, – 2. VII. 2002, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში), მევიოლინე. საქართვ. სახ. არტისტი (1967), ზ. ფალიაშვილისა (1975) და შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. (2003) პრემიების, აგრეთვე არაერთი საერთაშ. კონკურსის პირველი ქართვ. ლაურეატი (ი. კუბელიკის სახ., ქ. პრაღა, 1949; ჰ. ვენიავსკის სახ., ქ. პოზნანი, 1952; დედოფალ ელისაბედის სახ., ქ. ბრიუსელი, 1955); ლ. იაშვილის შვილი და მოწაფე.
1958 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში პროფ. კ. მოსტრასის კლასში (დაამთავრა 1958). 1957-იდან იყო „მოსკონცერტის" სოლისტი; 1958–66 და 1982-იდან – მოსკ. კონსერვატორიის, ხოლო 1966–82 – თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1947-იდან პროფ.); 1967–73 – საქართვ. ფილარმონიის კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი (მეუღლესთან – ი. პოლიტკოვსკისთან ერთად); 1985– 90 – მოსკ. კონსერვატორიის ვიოლინოს კათედრის გამგე და პროფესორი.
ი. თანამედროვეობის თვალსაჩინო მევიოლინე იყო. მისი საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა უმაღლესი პროფ. კულტურით, ტექ. სრულყოფილებით, ნატიფი გემოვნებით, ექსპრესიით. ი-ს მდიდარ და მრავალფეროვან რეპერტუარში შედიოდა ქართვ. კომპოზიტორების ნაწარმოებები, რ-თა პირველი შემსრულებელი და პროპაგანდისტიც თავად იყო. გასტროლებს მართავდა საქართველოში და საზღვარგარეთ.
1975–79 მუშაობდა იუგოსლავიის ქ. ნოვი-სადის ხელოვნებათა აკად. სავიოლინო კათედრის გამგედ და პროფესორად. კონცერტებთან ერთად სისტემატურად მართავდა „მასტერ-კლასებს".
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. „ღირსების ორდენი" (1997).
გ. ტორაძე