იაშვილი პაოლო ჯიბრაილის ძე

პ. იაშვილი

იაშვილი პაოლო ჯიბრაილის ძე [3(15). VIII. 1892, სოფ. არგვეთი, ახლანდ. საჩხერის მუნი­ციპალიტეტი, – 22. VII. 1937, თბილისი], პოეტი, საზოგადო მოღვაწე, XX ს. ქართ. ­პოეზიის ერთ-ერთი რე­ფორმატორი, „ცის­ფერყანწე­ლების" ჯგუ­ფის მოთავე.

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რედაქტო­რობდა გიმნაზიის ჟურნ. „Стрелок Колхиды" (1911). გიმნა­ზიაში გამოამჟღავნა ინტე­რესი მოდერნიზმისადმი, ესწრებოდა პოეზიის საღამოებს, გ. რო­ბაქიძის ლექციებს. სწავლა დაასრულა ანაპის შეპეტოვის კერძო გიმნაზიაში. 1913 ქუთაისში რედაქტორობდა თავისსავე დაარსებულ ჟურნ. „ოქროს ვერძს" (№1–5). გაამჟღავნა როგორც დას. ლიტ. ნოვაციებისადმი სწრაფვა, ასევე, ქართ. პოეზიის მოდერნიზაციის სურვილი.

1913 ი. გაემგზავრა პარიზში, ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინ-ტში ფერწერის შესასწავლად, თუმცა პოეზიის სიყვარულმა ის მონმარტრის ლიტ. ბოჰემურ გარემოში მოახვედრა; კაფე „როტონდაში" დაუახლოვდა სხვა­და­სხვა ეროვნების ­მოდერნისტ თუ ავანგარდისტ პოეტებსა და მხატვ­რებს.

1915 დამდეგს სამშობლოში დაბრუნდა და შეძლო ახალი მიმართულების – სიმბოლისტური ჟურნ. „ცისფერი ყანწების" გამოცემა (1916, №1–2). სიმბოლისტური ჯგუფის წევრები: ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდა­შვილი, ს. კლდია­­შვილი, შ. აფხაიძე 1917-მდე რუსეთში სწავლობდნენ და იქიდან აწვდიდნენ ჟურნალს მასალას. ი. გატაცებული იყო ქართ. ლექსთწყობის რეფორმაციით (სონეტი, ტრიოლეტი, თავისუფალი ლექსი, ახლებური ბგერწერა); რეტროგრადული პოეზიის გამოწვევისა და ეპატაჟის მიზნით მან შექმნა ვითომდა პოეტი ქალის, ელენე დარიანის ეროტიკული დღიურები (1915–24) – XX ს. ქართ. პოეზიის ერთადერთი წარმატებული ლიტ. მისტიფიკაცია.

ი. ოსტატურად იყენებდა მო­დერ­­ნისტულ თუ სიმბოლის­ტურ გამოცდილებას („ქორწილი", 1915; „*** პაოლო იაშვილს მო­მე­წყინა ყვითელი დანტე", „ტრიპტიხი", ორივე 1916 და სხვ.). მისი ლირიკული გმირი, პოეტი-დენდი, ოცნებებისა და ქიმერების ტყვეობაშია („ვალერიან გაფრინდა­შვილს", 1915; „ავტოპორტრეტი", 1917; „ტიციან ტაბიძეს", 1919); სამყაროს დასასრულის აპოკალიფსური მოლოდინი, გაორება და სულის მიუსაფრობა არის გადმოცემული ურბანისტულ ლექ­სებში: „ევროპა", „ფარშავანგები ქალაქში", „წითელი ხარი" (სამივე 1916). ნატიფი ბგერწერა, გაუცვეთავი პოეტური ტროპები, ასონანსური რითმები, ზომიერად გამოყენებული ნეოლოგიზმები და დიალექტიზმები ამდიდრებს მის პოეტურ პალიტრას.

„ცისფერი ორდენის" აღმავლობა დაიწყო 1918-იდან, როცა დამოუკიდებელი სა­ქარ­თვე­ლოს დედაქალაქს მოაშურა დას. სა­ქართვ. შემოქმედებითმა ინტელიგენციამ, ჯგუფის ძირითადმა ბირთვმა თბილისში დაიდო ბინა. 1918 ი-ის მეთაურობით კონსერვატორიის დიდ დარბაზ­ში ჩატარდა „ცისფერყანწელთა" პირველი საღამო. 1917-იდან ი-ისა და ტ. ტაბიძის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა მწე­რალ­თა კავშირს, კაფე „ქიმერიონს"; გა­მო­ვი­და ჟურნ.-გაზეთები: „მეოცნებე ნიამორები", „ბარრიკადი", „რუბიკონი", „მშვილ­დოსა­ნი", „ბახტრიონი" (ცისფერყანწელთა პერიოდიკამ გამოსვლა შეწყვიტა ბოლშევიკების მიერ 1924 აჯანყების ჩახშობის შემდეგ). სა­ქართვ. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ი. მწვავე შემოქმედებით კრიზისს განიცდიდა. უპარტიო მწერლებს ახალი მთავრობა აიძულებდა, გადაეხადათ იდეოლოგიური ხარკი – ხოტბა შეესხათ სოციალ. აღმშენებლობისათვის. ი. იძულებული გახდა, შეგუებოდა ახალ რეალობას, რაც რთული და მტკივნეული აღმოჩნდა, თუმცა, დაკვეთით დაწე­რი­ლის გარდა, მაინც მოა­ხერ­ხა „გულიდან ხორცად გამონატანი" ლექსების დაწერა („Urbi", „პოეზია", „მაგიდა – ჩემი პარნასი", „ბაღის ამბავი", „როგორც აფრის ტკაცუნი", „დებედაჩაის ღამე", „ქუთაისისთვის"; 1924–34). ი-ს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები „ფერადი ბუშტები"(1924), „სამი ტკივილი"(1925); დაუმთავრებელი პოემა „გზა მშვიდობისა" (1936–37); ლიტ. წერილები, ა. პუშკინის, კ. ბალმონტის, ვ. მაიაკოვსკის, შ. ბოდლერის, ა. რემბოს, ო. უაილდისა და სხვათა თხზულებების თარგმანები.

ი-ის ლექსების პირველი ­წიგნი 1955 გამოიცა, თხზუ­ლე­ბათა პირველი ვრცელი კრებული – 1959.

ი-ის სიცოცხლის ბოლო წლები პარადოქსებით გამოირჩეოდა: იყო ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ცაკ-ის წევრი (1934-იდან), 1934 მიიწვიეს მწერალ­თა საკავშ. ყრილობაზე. 1936 ქართ. ხელოვანთა დელეგაციასთან ერთად დიდი პატივით მიიღეს კრემლში, დააჯილდოვეს ორდენით. ამავე დროს ცდილობენ ი-ის ცილისწამებათა ქსელში გახვევას, რათა სა­ხე­ლი გაეტეხათ მისთვის. ი-მა ყოველივე ამას პროტესტის უკიდურესი ზომით – თვითმკვლელობით უპასუხა, 1937 წ. 22 ივლისს მწე­რალ­თა კავშირში გამართული სხდომის დროს თავისივე სანადირო თოფით თავი მოიკლა. მორგიდან პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მიასვენეს. ოჯახის წევრების გარდა, ი. უკანასკნელ გზაზე მხო­ლოდ კ. ნადირაძემ გააცილა.

ი-ის საზ.-პოლიტ. რეაბილიტაციის შემდეგ (1954) მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს (1957).

თხზ.: პოეზია. პროზა. თარგმანები, თბ., 1965; პოეზია. პროზა. წერილები. თარგმანები, თბ., 1975; საიუბილეო-საარქივო გამოცემა ორ წიგნად, თბ., 2004; ლექსები, სერიიდან „ჩემი რჩეული", თბ., 2012.

ლიტ.: ა ვ ა ლ ი ა ნ ი  ლ., პაოლო ია­­შვილი, თბ., 1977, 2017; მ ი ს ი ვ ე, „გიჟი დროის" ქართული მწერლობა, თბ., 2005; ა ს ა თ ი ა ნ ი  გ., თანამდევი სულე­ბი, ტ. 3, თბ., 2002; კ ვ ე რ ე ნ ჩ ხ ი ­ლ ა ძ ე  რ., წამების გზა, წგ. 1, თბ., 2014; კ ლ დ ი ა ­შ ვ ი ლ ი  ს., ახლობელი და შორეული, თბ., 1964; მზიური პაოლო. მოგონებები პაოლო იაშვილზე, შემდგ. ლ. ავალიანი, თბ., 1995; ნ ი კ ო ლ ე ი ­­შ ვ ი ლ ი  ა., პაოლო ია­შვილი, თბ., 2000; ქ ი ქ ო ძ ე  გ., ეტიუდები და პორტრეტები, თბ., 1958.

ლ. ავალიანი