იაშვილი რევაზ ნიკოლოზის ძე (26. V. 1927, თბილისი, – 26. XI. 1994, იქვე), ქირურგ-პროქტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1977), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). საქართველოში დამოუკიდებელი პროქტოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პროქტოლოგიის კათედრის დამაარსებელი.
1951 დაამთავრა მოსკოვის I სამედ. ინ-ტი. 1951–54 მუშაობდა მოსკოვის საოლქო სამეცნ. კვლ. ინ-ტში, ხოლო 1955-იდან – თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტში. 1968-იდან იყო თავისივე ჩამოყალიბებული პროქტოლოგიური განყ-ბის გამგე. 1979–81 ხელმძღვანელობდა პროქტოლოგიურ კურსს, ხოლო 1981-იდან განაგებდა პროქტოლოგიის კათედრას. 1968–84 იყო რესპ. მთავარი პროქტოლოგი.
ი. იკვლევდა მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებათა (პოლიპოზი, დივერტიკულოზი, სიმსივნე და სხვ.), აგრეთვე პროქტოგინეკოლოგიური ერთობლივი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს. იყო საქართვ. ექიმთა ასოციაციის ღირსებისა და სამართლის კომისიის თავ-რე, საზ-ბა „თბილისელის" სამედ.-საკონსულტაციო სამეცნ. და პრაქტ. საბჭოს თავ-რე, საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წევრი.
არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 2 მონოგრაფიის ავტორი.
თხზ.: ზოგიერთი ერთობლივი პროქტოგინეკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თბ., 1938; გულის სისხლძარღვთა ქირურგიული ანატომია და მისი გამოყენებითი მნიშვნელობა, თბ., 1962; კარის ვენის უკმარისობის მოდელირება და მისი ქირურგიული მკურნალობა, თბ., 1976; Дивертикулярная болезнь толстой кишки (диагностика и лечение), Тб., 1986.