იაშვილი სეით ლუარსაბის ძე (16. I. 1875, სოფ. არგვეთი, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 27. I. 1963, თბილისი), გეოგრაფი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ოდესის სახელმწ. უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი (1902). ლ. ს. იაშვილის მამა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თბილ. ქართ. გიმნაზიაში ასწავლიდა ბუნებისმეტყველებასა და გეოგრაფიას. გიმნაზიაში პედ. საქმიანობასთან ერთად მუშაობდა საშ. სკოლებისათვის საბუნებისმეტყველო პროფილის სახელმძღვანელოების შედგენაზე.
იგი ავტორია ბუნებისმეტყველებისა და გეოგრ. პირველი ქართ. სახელმძღვანელოებისა: „ბუნებისმეტყველება" (ჰაერი, წყალი და დედამიწა, 1915); „ბოტანიკა"(1926); „საზოგადო გეოგრაფია"(აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია, 1916); „ევროპა"(1918). 1922–30 დაიბეჭდა მის მიერ გადამუშავებული და შესწორებული „ბუნებისმეტყველება", გეოგრ. სახელმძღვანელოები – „ევროპა, ჩრდ. ამერიკის შტატები და იაპონია", „სასოფლო მეურნეობის ქვეყნები", „მსოფლიოს მოკლე გეოგრაფია", „საბჭოთა კავშირის მოკლე გეოგრაფია", „დაწყებითი გეოგრაფია" და „კაპიტალისტური ქვეყნების გეოგრაფია".
ზემოთ დასახელებული ყველა სახელმძღვანელო მიღებული და გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყნის არასრულ და სრულ საშ. სკოლებში 1935 წლამდე. ამავე პერიოდში მის მიერ ქართ. ენაზე ითარგმნა, ა. ბარკოვისა და ა. პოლოვინკინის „ფიზიკური გეოგრაფია" (1935), ჩ. დარვინის «ბუნებისმეტყველის მოგზაურობა დედამიწის გარშემო გემ „ბიგლით"» (1951) და სხვ.
ი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ნამდვ. წევრი (1899-იდან). მინიჭებული აქვს „შრომის გმირის" საპატიო წოდება (1932).
თხზ.: ჩემი წარსულიდან, თბ., 1965.
ლ. აბრამიშვილი