ბუნებითი სამართალი, სამართლებრივი მოძღვრება, რ-ის მიხედვითაც სამართალი განაპირობებს თვით ადამიანის ბუნებას, მის გონებას და ამიტომ ის დამოუკიდებელია კონკრეტული სოც. პირობებისა და სახელმწიფოსაგან.
ბ. ს. უძველეს ხანაში ჩაისახა. მისმა იდეებმა გარკვეული როლი ითამაშა XVII–XVIII სს-ში, როდესაც ბ. ს. ძირითადი იარაღი იყო იდეოლოგიური ბრძოლისა ფეოდ. წესწყობილების წინააღმდეგ.
ფეოდ. საქართველოშიც ბ. ს. ანუ „ბუნებითი სჯული“, ადამიანის ბუნებისაგან გამომდინარე, მარადიული ნორმის სახით გარკვეულად უპირისპირდებოდა „დაწერილ სჯულს“, რ-იც ადამიანის ნებსითი მოქმედებისა და გარემოების ნაყოფად ითვლებოდა. შეიძლებოდა „ბუნებითი სჯულის“, როგორც ღვთაებრივი სამართლიანობის გამოხატულების, გამოყენება „დაწერილი სჯულის“ სისტემაში არსებული ხარვეზების შესავსებად. „ბუნებითი“ და „დაწერილი“ სჯული ნახსენებია რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში.
ბ. ს-ის იდეებს ვხვდებით მოგვიანებითაც, დავით ბატონიშვილისა და იაგორ ჭილაშვილის ნაწერებში. დავითის სიტყვით, მის სამართ. წიგნს (1798 – 1800) აქვს „უმეტეს მიდრეკილებაჲ ბუნებითისა მიმართ სჯულისა“. ბ. ს-ის თეორიის დემოკრ. მიმართულების წარმომადგენლის ი. ჭილაშვილის ნაშრომის „ბუნებითი სამართლის მონახაზების“ (სპბ., 1812) მიხედვით, ბუნების კანონები ქმნიან წესრიგს, რ-შიც უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანური მოქმედება და განცდა, და ამ კანონების ერთობლიობას ბ. ს. ჰქვია.
გ. ნადარეიშვილი