ბუნებითი შვილი (სამართ. ისტ.), კანონიერად („სჯულიერითა ქორწინებითა“) შერთულ ქალთან გაჩენილი შვილი (საპირისპიროდ ბუშისა). ნახსენებია იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაში“ (V ს.). იქვე კანონიერად შერთული ქალის მნიშვნელობით გვხვდება ბუნებითი ცოლი. ბერძნ. სამართ. ქართ. ვერსიაში ბ. შ-ის პარალელურად იხმარება მართალი შვილიც (იხ. „სამართალი ბერძული“, მ. 284). საყურადღებოა, რომ ფრანგულად ბ. შ-ს (enfant naturel) სწორედ საწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს და ქორწინებაგარეშე შვილს ნიშნავს.
დ. ფურცელაძე