„ბუნებისათვის კაცისა“, ბერძენი ფილოსოფოსის ნემესიოს ემესელის (V ს.) ანთროპოლოგიურ-ფიზიოლოგიური თხზულება. ბერძნულიდან ქართულ ენაზე თარგმნა იოანე პეტრიწმა (XI – XII სს.).
ნაშრომში განმარტებულია ფილოს. და ფსიქოლ. ცნებები, ადამიანის ანატ. და ფიზიოლ. ზოგიერთი საკითხი. ავტორის აზრით, „კაცი სხეულოვანია“. ეს სხეული შედგება 4 ელემენტისაგან – ჰაერის, წყლის, მიწისა და ცეცხლისაგან; მათი წონასწორობა ჯანმრთელობაა, წონასწორობის დარღვევა –ავადმყოფობა.
კაცი არის „ცხოველი გონიერი, მოკვდავი გონებისა და მეცნიერების მიმღები“. ადამიანის სულიერი ძალებია „ოცნება, აზროვნება და მეხსიერება“, ხოლო მათი ორგანო – ტვინი და ა. შ. ფსიქიკურ დაავადებათა მიზეზად ავტორი ტვინის რომელიმე ნაწილის დაზიანებას თვლის. ნემესიოს ემესელის აზრით, სამყარო ღმერთის შექმნილია, საგანი არსებობს თავისთავად ადამიანის ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად, ის ობიექტური სინამდვილეა და მისი შემეცნებისათვის საჭიროა გრძნობის ორგანოთა ერთობლივი მოქმედება. „ბ. კ.“ ძვ. ფილოსოფოს-ანთროპოლოგთა შრომებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად არის აღიარებული. მან დიდი გავლენა მოახდინა ფეოდ. საქართველოს ფილოს., ფსიქოლ. და სამედ.-ბიოლ. აზროვნების განვითარებაზე.
გამოც.: ნემესიოსემესელი, ბუნებისათვის კაცისა. ბერძნულითგან გადმოღებული იოვანე პეტრიწის მიერ, ს. გორგაძის გამოც., ტფ., 1914.
ლიტ.: შენგელია მ., მსოფლმხედველობის საკითხისათვის ძველ ქართულ მედიცინაში, წგ.: მედიცინის განვითარების ზოგიერთი ძირითადი საკითხი საქართველოში, თბ., 1961, გვ. 197–214.
მ. შენგელია