ისმაილ I-ის ლაშქრობანი საქართველოში, ირანის შაჰის მიერ სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრებისა და ოსმალეთის წინააღმდეგ თავისი პოზიციის განმტკიცების მიზნით მოწყობილი ლაშქრობები.
ისმაილ I-მა სხვადასხვა საბაბით რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში. შაჰად გახდომამდე, 1500 შემოდგომაზე, ბასიანიდან საქართველოში გაგზავნა ხოლეფა-ბეგი. ყიზილბაშებმა სამცხე-საათაბაგო დაარბიეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ.
1516 სამცხის მთავარ ყვარყვარე III ჯაყელს აუჯანყდა ბიძა მანუჩარი და ძმისწულს ტახტი წაართვა. ყვარყვარემ დახმარებისათვის ისმაილ I-ს მიმართა. ყიზილბაშები დივ-სულთნის მეთაურობით სამცხეს შეესივნენ, მანუჩარი ოსმალეთში გაიქცა. დივსულთანმა თმოგვის ციხე აიღო და ყვარყვარე III-ს თავისი უფლებები აღუდგინა.
1518 მანუჩარი ოსმალთა ჯარით სამცხეს შეესია, მაგრამ დამარცხდა. დივ-სულთანი ისევ შემოიჭრა საქართველოში, ოდიში დაარბია და უკან გაბრუნდა. რადგან მანუჩარი ბრძოლას განაგრძობდა, ყვარყვარე III-მ კვლავ ისმაილ I-ს სთხოვა დახმარება და დივ-სულთნის სარდლობით გამოგზავნილ ლაშქარს წამოუძღვა საქართველოში. ყიზილბაშებმა გორი და სურამი აიღეს.
1521 კახეთის მეფე ლევანმა შაქი დაარბია. ამის საპასუხოდ ისმაილ I-მა საქართველოში კვლავ დივ-სულთანი გამოგზავნა, რ-მაც გრემი და ზაგემი დაარბია. ლევანი ყიზილბაშებს დამორჩილდა და ვასალობა აღიარა. ამ ლაშქრობათა მიუხედავად, ისმაილ I-მა ვერ შეძლო საქართველოს დაპყრობა.
წყარო: ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, ვლ. ფუთურიძის გამოც., შენიშვნები რ. კიკნაძისა, თბ., 1966.
ლიტ.: კ ა ც ი ტ ა ძ ე დ., ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (შაჰ-ისმაილ I-ის საქართველოში ლაშქრობის საკითხისათვის), «თსუ შრომები», 1964, ტ. 108; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1966.
რ. კიკნაძე