თაბუკაშვილი შალვა ტრიფონის ძე [29. III (10. IV). 1893, სოფ. ფარცხნალი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 5. X. 1971, თბილისი], პედაგოგი, მეთოდისტი, საქართვ. დამს. მასწავლებელი (1946), მთარგმნელი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, ხოლო 1916 – მოსკ. უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად ხარაგაულის, ზესტაფონის ქალთა, ქუთაისის წმ. ნინოსა და ეპარქიულ სასწავლებლებში. თ. ავტორია სახელმძღვანელოებისა: „პუნქტუაცია" (1941), „ქართული ენა მე-3 კლასისათვის" (1944), „მშობლიური ლიტერატურა მე-5 კლასისათვის" (თანაავტორი; 1947). მასვე ეკუთვნის მოთხრობები: „საოცარი გაფრენა" (1933), „გასაოცარი ამბავი" (1934), „უცნაური ძიძა" (1938) და სხვ. თ-მა თარგმნა ი. ტურგენევის „მუმუ"(1937), ა. ჩეხოვის „კაშტანკა" და „კაცი ფუტლიარში" (1946), „ნახტომი" (1938); მ. გორკის „დედა" (1940), „სიმღერა გრიგალზე" და „სიმღერა შევარდენზე" (1946), ლ. ტოლსტოის „ჰაჯი მურატი" (1946). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
დ. გურგენიძე