დიმიტრი ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (XV ს. ბოლო – XVI ს. I ნახ.), კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის უმცროსი ძე და მისი პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი.
ალექსანდრე I-ის შვილები – გიორგი II (ავგიორგი) და დ. ბ. პირველობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი იმანაც გააღრმავა, რომ გიორგისაგან განსხვავებით, ალექსანდრე I და დ. ბ. ქართლის სამეფოს მიმართ მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრეები იყვნენ: „რამეთუ ძმანი არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა". ამასთან ალექსანდრე, სამეფო პოლიტიკის გატარებისას, უმეტესად დ. ბ-ს ეყრდნობოდა და შესაბამის დავალებებსაც მას აკისრებდა. მაგ., მეფემ დ. ბ. შირვანს შაჰ ისმაილთან წარგზავნა, სადაც იგი პატივით მიიღეს. ელჩობა წარმატებით დასრულდა და დ. ბ. სამშობლოში „ნიჭითა და ზავითა მშვიდობისათა" დაბრუნდა.
დაპირისპირება ძმებს შორის აშკარა კონფლიქტში გადაიზარდა, გიორგიმ მამა მოკლა, ხოლო „ძმასა თუალები დასწვა".
გამეფებულმა ავგიორგიმ (1511–13) თვალდათხრილი დ. ბ. კახეთში არ დააყენა, დ. ბ. ცოლ-შვილით ქართლში გადავიდა და გარკვეული დროით მცხეთაში სვეტიცხოველს „შემოეხუეწა". მას თვალდამწვარი უწოდეს, მის შთამომავლებს კი – თვალდამწვრიანები (ამას ეხება ფარსადან გორგიჯანიძის „აქა ანბავი თვალდამწვრიანთა").
მეფემ იგი „არჩინა", რასაც მისი შვილების ამ კუთხეში დამკვიდრება და რანგით ჩამოქვეითება მოჰყვა.
დ. ბ-ის შთამომავალნი დავით თვალდამწვრიანისაგან დავითიშვილებად იწოდებოდნენ, მათგან მომდინარეობს ბაგრატიონთა სამეფო სახლის დ ა ვ ი თ ი შ ვ ი ლ - ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ე ბ ი ს განშტოება.
წყარო: გორგიჯანიძე ფ., ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, წგ. 2; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება. მეორე ტექსტი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
დ. ნინიძე