თავდგირიძე გიორგი ალექსანდრეს ძე (27.IX. 1914, თბილისი, – 22. III. 1957, იქვე), არქიტექტორი. დაამთავრა სპი (1939). მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1941–45). 1949–55 იყო საპროექტო ინ-ტის „საქსოფლმშენსახპროექტის" მთ. არქიტექტორი, ხოლო 1955–57 – საპროექტო ინ-ტის „საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელი.
ძირითადი ნამუშევრები: თბილისში – საქართვ. გეოლ. სამმართველოს საცხოვრებელი სახლი (1948, ზ. ფალიაშვილის ქ.), საქართვ. სოფლის მეურნეობის ინ-ტის „საცხოვრებელი სახლი (1954, ვ. კავსაძის ქ.), სასტუმრო „საქართველო" (1949–56, არქიტ. ნ. ფირცხალაიშვილთან ერთად; მელიქიშვილის ქ.; თავდაპირველად აშენდა როგორც საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა). აკად. ნ. მუსხელიშვილის სააგარაკო სახლი მანგლისში (1949), აკად. ი. ბერიტაშვილის და ს. ჯანაშიას სააგარაკო სახლები სოხუმში (1949). პარალელურად 1955-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა სპი-ის არქიტ. კათედრაზე. აზომილი აქვს რამდენიმე ქართ. არქიტ. ძეგლი, მათ შორის ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ეკლესია (1939, არქიტ. მ. კალაშნიკოვთან ერთად).
თ. გერსამია